პოლიტიკა
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების შესახებ

gazsadeni

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაყიდოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი კომპანიების აქციების პაკეტი.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია მაგისტრალურ გაზსადენსა და საქართველოს რკინიგზაზე.

„პარტია „თავისუფალი საქართველო“ წინააღმდეგია სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიების პრივატიზებისა. ეს კომპანიები წარმოადგენს ეროვნულ სიმდიდრეს და, ამავე დროს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, ამიტომ მათი გადაცემა კერძო კომპანიებისთვის დაუშვებლად მიგვაჩნია.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის პარტნიორმა ქვეყნებმა არაერთხელ მისცეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გადაწყვტილებისგან, თუმცა ბენდუქიძის და სხვა კორუფციული ჯგუფების რეკომენდაციები, როგორც ჩანს, უფრო გავლენიანი აღმოჩნდა.

რაც შეეხება განმარტებას, რომ იყიდება აქციების მაქსიმუმ 25%, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჩვეული ტექნოლოგიაა, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ზონდირება, ხოლო შემდეგ დამატებით გადაწყვეტილების მიღება – ბარემ 50% და ა.შ...

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი სააკაშვილის კორუმპირებული მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პრაქტიკა, ამიტომ შეგვიძლია უკვე წინასწარ ვივარაუდოთ  (იგივე მიკროავტობუსებისა და სატელეკომუნიკაციო ანძის პრივატიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე), რომ:

სახელმწიფო კომპანიების აქციების პაკეტი გაიყიდება საზოგადოებისგან მალულად;

მყიდველი აღმოჩნდება სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებული რომელიმე ბიზნესჯგუფი მოსკოვიდან (შარანგიები ან სხვ);

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, სერიოზული ყურადღება მიექცეს საქართველოს კორუმპირებული რეჟიმის მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერენ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი.

 

საქინფორმი