საზოგადოება
საჯარო რეესტრი დევნილებს აფხაზეთში საკუთრების მოწმობებს არ აძლევს

preskonf-kukavaREZ„თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი საქინფორმს ორგანიზაციის პრესკონფერენციის შესახებ კორესპონდენციას უგზავნის, სადაც აღნიშნულია: „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლება და პირადად სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ აფხაზეთში დევნილების კუთვნილ ქონებაზე დაწყებულიყო საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების მოწმობების გაცემა. პომპეზური პრეზენტაციის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა (2008 წლის 8 აპრილს) N233 ბრძანებას „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული წინასწარი რეგისტრაციის წესის“ შესახებ.

რეალურად სააგენტოს დღემდე არ გაუცია არცერთი საკუთრების მოწმობა აფხაზეთში გაურკვეველი მიზეზებით. ერთ-ერთ ასეთ საქმეზე აფხაზეთიდან დევნილ იური თურქიას, რომელმაც 2005 წელს მოითხოვა საკუთრების მოწმობის მიღება, ეთქვა უარი საჯარო რეესტრის მიერ.

ზ/ა მოქმედებით ილახება აფხაზეთის დევნილების კონსტიტუციური უფლება კერძო საკუთრებაზე და, გარდა ამისა, დევნილებს უსპობს სამართლებრივ საშუალებას,  უფლებების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართონ ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ უკვე დააკისრა ზიანის ანაზღაურება თურქეთის რესპუბლიკას კვიპროსელი ბერძნების სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ დე ფაქტო პრეზიდენტ სააკაშვილს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მისცეს რეაგირება საჯარო რეესტრის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას.

აგვისტოს დღეებში, როდესაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ბევრს საუბრობდა დევნილების უფლებების ხელყოფაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების და სეპარატისტების მიერ, სახეზეა კონკრეტული ფაქტი, როდესაც სეპარატისტულ რეჟიმსა და დევნილებს შორის სამართლებრივ დავაში სააკაშვილის ადმინისტრაცია გამოდის სეპარატისტების პოზიციის მხარდამჭერად“.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე – ბეჟან გუნავა;

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი – ადა მარშანია;

აფხაზეთიდან დევნილი – იური თურქია

 

საქინფორმი