საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს 2025 წელს მოაწერს. ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაგრძელდება მთავრობის ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი კომპანიებისთვის უცხოურ ბაზარზე წვდომას.
მთავრობის ცნობით, მოლაპარაკებები დასრულებულია და 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
„ინდოეთსა და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით წარიმართება მოლაპარაკებები. გარდა ამისა, გაგრძელდება მუშაობა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით, როგორც პოლიტიკურ, ისე ტექნიკურ დონეზე. კონსულტაციები გაგრძელდება სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საბჭოსთან (Gulf Countries) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყება. ასევე მოლაპარაკებები დაიწყება სერბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.