სამართალი
ლავროვი: კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელთა მე-20 შეხვედრაზე საუბრისას „კოლექტიური დასავლეთი“ „შიდა კონფლიქტების პროვოცირებასა და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა.

რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით: კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, უარს არ ამბობს სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებზე – დაწყებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების ორგანიზებით და დამთავრებული ფერადი რევოლუციების გაჩაღებით, რის გაკეთებასაც ახლა საქართველოში ცდილობენ“.

ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი აქტიურად იყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „ფართო ქსელს“ „გლობალური სამხრეთისა და გლობალური აღმოსავლეთის ქვეყნებში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“. მან აღნიშნა, რომ „საქმე იქამდეც მივიდა, რომ თავისი დესტრუქციული გეოპოლიტიკური გეგმის განსახორციელებლად, მათ შორის დსთ-ს სივრცეში, დასავლეთი ექსტრემისტული ძალების რესურსებს იყენებს“.

იმავე შეხვედრაზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მორიგი ფერადი რევოლუციის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე აღმოჩნდა“.

იმედი ვიქონიოთ, რომ ის წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც დასავლეთის თავხედური მცდელობები, რომელიც ბელარუსისა და ყაზახეთის შერყევას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ნარიშკინმა.

შეხვედრაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. ზემოაღნიშნული გზავნილები შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გააჟღერა. მისი მტკიცებით, დასავლეთის სპეცსამსახურები საქართველოში ახალი ფერადი რევოლუციის განხორციელებას ცდილობდნენ და ამავდროულად, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე „თითქმის ძალით გაიტანეს დასავლეთისთვის ხელსაყრელი შედეგები“.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება ბორტნიკობის სიტყვებზე დაყრდნობით: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ფართოვდება დასავლური სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობა“. მან ასევე განაცხადა: „სულ ახლახანს, მათი ერთობლივი ძალისხმევით, ფაქტიურად ძალით გაიტანეს დასავლეთისთვის ხელსაყრელი შედეგები მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი“

FSB-ის დირექტორმა დასძინა: ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ დასავლეთთან კეკლუცობა უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, რაც, ევროატლანტიკური ვექტორიდან რაიმე გადახრის შემთხვევაში, შესაძლოა სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წყობისთვის სრულფასოვან საფრთხეში გადაიზარდოს“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები დასავლეთის მიმართ ბრალდებებს აჟღერებენ. ამჯერად, ეს ბრალდებები საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ბოლიტიკური კრიზისის ფონზე გაკეთდა. არჩევნები არ ცნეს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც მას „რუსეთის სპეცოპერაცია“ უწოდა, ასევე ოპოზიციამ და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.

„ქართული ოცნება“ განუწყვეტლივ ადანაშაულებს დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში და „ფერადი რევოლუციის“ განხორციელებაში, რითიც აშკარად იმეორებს კრემლის ნარატივს. იმავდროულად, არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი თითქოსდა საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია.

25 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა მოიწვია იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ორი სარჩელია შეტანილი, მათ შორის ერთი პრეზიდენტის მიერ.