აქტუალური
ხელისუფლება ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლასა და მანქურთულ პოლიტიკას აგრძელებს

nestanლეიბორისტული პარტია აპროტესტებს 7 აგვისტოს უმძიმეს ღამეს, აგვისტოს ომის დაწყებისა და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დაშლის ღამეს, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან საქართველოს გამაერთიანებლის სიმბოლოს – მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის „გაძევებას“ და ავრცელებს სპეციალურ განცხადებას.

მიმართავს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკურ პარტიებს, ქართულ საზოგადოებას (თუ კი ასეთი რამ კიდევ არსებობს) და სახლში დამსხდარ საქართველოს, რომ ენერგიული წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლების მანქურთულ პოლიტიკას, რომელიც მოსვლისთანავე ებრძვის ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, სარწმუნოებრივს, მათ შორის, აგრძელებს ბრძოლას ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უკვე გვაქვს:

1. შეგინებული და ბინძური პასკვილებით შეურაცხყოფილი ქართლის დედა (ელგუჯა ამაშუკელის ცნობილი სიმბოლური ქანდაკება;

2. რესპუბლიკის მოედნიდან „გაძევებული“ დავით აღმაშენებელი და უკიდურესად შეურაცხყოფილი თანამედროვეობის დიდი მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი;

3. ბათუმის ბულვარიდან „გაძევებული“, კალთაში სავარძელჩამწვარი და შეურაცხყოფილი, აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების თავკაცი – მემედ აბაშიძე;

4. იმავე ბათუმის ცენტრალური მოედნიდან „გაძევებული“ ილია ჭავჭავაძე;

5. აფეთქებული და მსხვერპლით დასრულებული დიდების მემორიალის ნგრევა ქუთაისში და ქართული მეხსიერებიდან ჩვენი წინაპრების ფაშიზმთან და ნაციზმთან გმირული ბრძოლის ამოშლა;

6. სტალინის ძეგლის „გაძევება“ გორიდან და უმისამართოდ მისი გაქრობა;

7. სულ ახლახან დავით აღმაშენებლის „გაძევება“ ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან და თბილისიდან „გასაძევებლად“ გამზადებული მეფე ვახტანგ გორგასალი და მეფე ერეკლე – თელავიდან...

რა არის ეს – ავადმყოფობა? მანია, ფობია, თუ ეს გახლავთ ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა? ეს მანქურთული პოლიტიკაა, რომელიც უნდა დავასრულოთ, ვინაიდან ჩვენი წარსული და საქართველოს ეროვნული სიმბოლოები ჩვენი ისტორია არ არის მხოლოდ.

ეს ჩვენი დღევანდელობა და მომავლის პასუხისმგებლობაა.