საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. 25 ნოემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ, დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს. წინა პარლამენტიდან ბევრმა დეპუტატმა თანამდებობა შეინარჩუნა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელსაც მე-10 მოწვევის პარლამენტში იგივე თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ სხდომა მაინც მოიწვია. საპასუხოდ, ასობით მოქალაქემ, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, პარლამენტის პირველი სხდომა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ გააპროტესტა.
გიორგი ვოლსკიმ და ნინო წილოსანმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის პოსტები შეიმარჩუნეს. პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა.
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები გახდნენ:
გელა სამხარაული – აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
რატი იონათამიშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი;
გივი მიქანაძე – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
მაია ბითაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
შოთა ბერეკაშვილი – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
ირაკლი ზარქუა – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
ლევან მახაშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
ალექსანდრე ტაბატაძე – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
გიორგი კახიანი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
გიორგი გაბუნია – კულტურის კომიტეტი;
ირაკლი ქადაგიშვილი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი;
ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
პაატა კვიჟინაძე – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
ვიქტორ სანიკიძე – სპორტის კომიტეტი;
ზაზა ლომინაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეებმა თანამდებობები შშეინარჩუნეს. ესენია: აგრარული, ადამიანის უფლებათა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, საფინანსო და ჯანდაცვის კომიტეტები.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დროებით, მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ, იგი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება. მისი შემცვლელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ გორდულაძე იქნება.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მალე საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. მისი თქმით, მათი ყოფნა პარტიულ სიაში „ფორმალური“ იყო.