აქტუალური
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის რაიონის ენგურს გაღმა მდებარე სოფელ ხურჩაში საქართველოში ლიტვის საელჩოს დაფინანსებით მორიგი შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზურმა შერეულმა ოჯახებმა“ (ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი). შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი და აფხაზი ნათესავები, გალისა და ზუგდიდის რაიონების ენგურს გაღმა-გამოღმა მცხოვრებნი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებასთან ერთად შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართველებისა და აფხაზების მიერ ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წარმართვა. აფხაზური მხრიდან დიდი დაინტერესებაა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის მცდელობა, გაიხსნას ენგურისპირა სოფლებში მცირე ერთობლივი საწარმოები. ასეთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი საწარმო – წიწილების ფერმა, უკვე არსებობს სოფელ განმუხურში.
„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ ინიციატივითა და ძალისხმევით ათამდე აფხაზი ბავშვი დაისვენებს ბათუმში ქართველი და აფახაზი ნათესავების ოჯახებში. „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამიტომაც ძველი მეთოდებით, ძველი ხედვით მუშაობა ვერ გაგრძელდება. შევიმუშავეთ ახალი მეთოდები, ახალი ხედვა ამ ორი ერის დასაახლოებლად. იმედია, მივიღებთ სასურველ შედეგს“, – აღნიშნა რეზო ბენდელიანმა.
საქინფორმი