სოფელი ხურჩა – ქართველებისა და აფხაზების დამაკავშირებელი
როგორც
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ექსპერტები კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ხელმძღვანელ ალუ გამახარიას ინიციატივით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის სკოლაში ადგილობრივ მცხოვრებთ და ტყვარჩელიდან და ოჩამჩირიდან გადმოსულ აფხაზებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოფელ ხურჩის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობას და მის როლს ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წარმართვისთვის. ექსპერტების განმარტებით, ხურჩაში შესაძლებელია, შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომ ქართველმა და აფხაზმა მეწარმეებმა ერთად აწარმოონ მცირე და საშუალო ბიზნესი, რასაც აფხაზები მიესალმნენ და ამ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
ამ შეხვედრის მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენელ რამინ საჯაიას განცხადებით, აფხაზეთის სკოლებში თითქმის არ ისწავლება ქართული ენა. არადა, მოსწავლეებს უნდა მიეცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება. „აფხაზეთს სულ მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ქართველი მოსახლეობის სურვილია, ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები – არ შეზღუდონ სკოლებში ქართულის სწავლება და მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, ისწავლონ იმ ენაზე, რომელიც მათ სურთ“, – აღნიშნა რამინ საჯაიამ.
საქინფორმი