სამართალი
საია სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების სახელით სასამართლოს მიმართავს

saiaსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აეკრძალოს დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან დევნილების გამოსახლება. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შეწყვიტოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურები, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს – დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების თაობაზე იმ დრომდე, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

როგორც დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, სასტუმრო „აფხაზეთს“ აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. „შსს-ის 2007 წლის 24 მაისის ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევაში, „იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი“ საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს“, –- აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, „იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს მიერ ინდივიდუალურ შეტყობინებაში დაფიქსირებული შეთავაზება სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილებისთვის მიუღებელია, ხოლო არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა, პოლიცია არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს დევნილთა გამოსახლება.

სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილ შენობაში 700-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი გამოსახლება იძულების წესით 15 აგვისტოდან იგეგმება.

 

საქინფორმი