პოლიტიკა
ქართველი დიპლომატი მსო-ზე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ

Sergi-Kapanadze9  აგვისტოს Civil.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც რუსეთთან მსო-ზე მოლაპარაკებებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს, მოსკოვთან შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში თბილისის პოზიციის ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა რაც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტვირთების გადაადგილების სტატისტიკური მონაცემები, საერთაშორისო მონიტორინგთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სადავო საზღვრებზე ვაჭრობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. კაპანაძე აცხადებს, რომ ეს ორი კომპონენტი იმ შემოთავაზების ნაწილია, რომელიც შუამავალმა ივლისში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ წარმოადგინა.

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მანამდე, როგორც კაპანაძე აცხადებს, გაგრძელდება კონსულტაციები შუამავალთან საბაჟო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც ზოგიერთი „ტექნიკური საკითხი“ იქნება განხილული.

ქვემოთ მოცემულია ინტერვიუს სრული ტექსტი:

კითხვა: ქართულ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან 4 აგვისტოს ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, მიაწოდოს საქართველოს ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ და რომ ეს საკითხი მან შვეიცარიის პრეზიდენტთან უკვე შეათანხმა და, ასევე, განიხილა პრეზიდენტ ობამასთან. განიხილება თუ არა ეს საკითხი შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს და მოხდა თუ არა ამგვარი შეთანხმება შვეიცარიასთან ან აშშ-თან?

პასუხი: რა თქმა უნდა, არავითარი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. ამ ფორმით რუსეთი აფიქსირებს თავის სურვილს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) ისე შევიდეს, რომ არ დაიცვას მსო-ს წესები და რეგულაციები და მარტივად მოურიგდეს საქართველოს. არავითარი დამატებითი ღირებულება ასეთ სტატისტიკურ ინფორმაციას არ ექნება და, ზოგადად, დღესაც არის შესაძლებელი მსგავსი ინფორმაციის მოძიება. თუ რუსეთს მართლა ჰგონია, რომ ამგვარი ინფორმაციის მოწოდებით გავა ფონს და შევა მსო-ში, მაშინ, უბრალოდ, თავს იტყუებს.

თქვენ, ალბათ, იცით, რომ შვეიცარიულმა მხარემ ჩვენ ივლისის რაუნდის წინ შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების განლაგებას იმ სავაჭრო კორიდორებში და საბაჟო პუნქტებზე, რომელსაც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან. შვეიცარიული მხარის შემოთავაზება, ასევე, გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის საკმაოდ თანამედროვე სისტემის დანერგვას, რომელიც ძალიან შორს არის უბრალოდ სტატისტიკის გაცვლასთან. აქ საუბარია ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაზე, როგორც საკონტროლო გამშვები პუნქტების გადაკვეთამდე, ისე მის შემდეგ. შესაბამისად, ამ შემოთავაზების მეშვეობით შესაძლებელია განთიადი-ადლერისა და როკი-ზემო ზარამაგის საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით მიმდინარე ვაჭრობის კონტროლი. თუ რუსეთის ფედერაციისთვის ეს შემოთავაზება მისაღები იქნება, ის სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს მსო-ში გაწევრებისკენ. თუ ეს შემოთავაზება მისთვის მიუღებელი იქნება, სამწუხაროდ მისთვის, მას მოუწევს მსო-ში წევრობაზე უარის თქმა.

კითხვა: შუამავლის შემოთავაზებებში არსებული ეს ორი საკითხი – საერთაშორისო მონიტორინგი და ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემის დანერგვა – არის ერთი პაკეტის ნაწილი, თუ ორი შესაძლო – ერთმანეთის ალტერნატიული ვარიანტი?

პასუხი: ეს არის ერთი პაკეტის ნაწილი. მხოლოდ ამ ორი კომპონენტის ერთობლიობით შეიქმნება სისტემა, რომელიც შეძლებს საბაჟო ადმინისტრირების ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას. რომელიმე კომპონენტის გარეშე სისტემა სრულფასოვანი არ იქნება და, შესაბამისად, მისი ეფექტიანობაც შეზღუდული იქნება.

კითხვა: მედვედევის იმავე ინტერვიუდან აშკარაა, რომ რუსეთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მონიტორინგში ევროკავშირის მონაწილეობის წინააღმდეგია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს, მონიტორინგი ნებისმიერმა „სერიოზულმა“ ორგანიზაციამ აწარმოოს; მას აქცენტი მაინცდამაინც ევროკავშირზე არ გაუკეთებია. განიხილავთ თუ არა უკვე ამ საკითხებს მოლაპარაკებებისას და თუკი არის თუ არა რუსეთი ზოგადად საერთაშორისო მონიტორინგის წინააღმდეგი, თუ წინააღმდეგია მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან ამ მონიტორინგის განხორციელების?

პასუხი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგს ახორციელებდეს მნიშვნელოვანი, რეპუტაციის მქონე მესამე მხარე - მაგალითად, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ევროკავშირი ამ ამოცანას, ჩვენი აზრით, თავს კარგად გაართმევს, რადგან მას მსგავსი მონიტორინგის განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დაახლოებით ანალოგიურ ოპერაციებს ის ატარებს მოლდოვაში, ასევე, აქვს მსგავსი ადინისტრირების გამოცდილება ისრაელი-პალესტინის შემთხვევაში.

რუსეთის პოზიციაზე და მის დამოკიდებულებაზე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ თუ რა პოზიციას დაიჭერს რუსეთი, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. ფაქტია, რომ მონიტორინგის გარეშე საბაჟო ადმინისტრირების ტრანსპარენტულობა სრული და ეფექტური არ იქნება.

კითხვა: მედვედევის განცხადებით, ქართული მხარე ახდენს მოლაპარაკებების პოლიტიზაციას და რომ მსო-ს „საფარქვეშ“ ცდილობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების შემოტანას მოლაპარაკებებში.

პასუხი: გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც იქნება მიღწეული რუსეთთან მსო-ში გაწევრების პროცესში, იქნება სტატუს-ნეიტრალური და მხოლოდ ვაჭრობაზე და მსო-ს ნორმებზე ორიენტირებული და არავითარი შეხება არ ექნება პოლიტიკასთან. ამიტომ მედვედევისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი ინსინუაციები, რომ საქართველო ახდენს საკითხის პოლიტიზაციას, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ასეთი განცხადებები რუსეთის მხრიდან სწორედ მათ მიერ ამ პროცესის პოლიტიზაციაზე მეტყველებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოიჩინა კეთილი ნება, როდესაც რუსეთთან მსო-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა გამოთქვა, სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად მოგვმართა ამ მოლაპარაკებების განახლებაზე. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წლის ომამდე რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებს მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით მსო-ს სამდივნო უწევდა კოორდინაციას, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ომის შემდეგ შეწყდა. 2011 წლის დასაწყისში რუსეთმა მოგვმართა თხოვნით, მოლაპარაკებები განახლებულიყო და ჩვენც გამოვხატეთ კეთილი ნება და განვაახლეთ მათთან საუბარი, ამჯერად უკვე შვეიცარიის შუამავლობით.

როგორც წესი, მსო-ს წევრი სახელმწიფოები გაწევრების მსურველ ქვეყნებს მოთხოვნების საკმაოდ გრძელი სიით მიმართავენ ხოლმე და ამ მოთხოვნებში ისეთი მოთხოვნებიცაა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ჩვენ ასეთი რამ არ გაგვიკეთებია; მხოლოდ იმ საკითხზე განვაგრძეთ საუბარი, რაზეც აქამდეც ვსაუბრობდით – საბაჟო ადმინისტრაციის ტრანსპარენტულობის გაუმჯობესებაზე. ეს უკვე სერიოზული გამოვლინებაა ჩვენი კეთილი ნების და იმის, რომ საქართველო ცივილიზებული წესებით აპირებს თამაშს რუსეთთან.

რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებს ჩვენ სხვა ფორმატებში განვიხილავთ – მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებებზე. ასევე, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები ორმხრივადაც. მსო-ს ფარგლებში დეოკუპაციის საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ და არც ვაპირებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ისე შევა მსო-ში, რომ არ მოაგვარებს საქართველოსა და რუსეთის საბაჟო ტერიტორიებს შორის არსებულ უკანონო ვაჭრობისა და საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს. ამ საკითხების მოგვარება აუცილებელია, მაგრამ – სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების გამოყენებით.

კითხვა: რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ქართული მხარე?

პასუხი: არ არის მართებული იმაზე საუბარი, იქნება თუ არა რამე დათმობები ჩვენი მხრიდან, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გულისხმობს დათმობებს ორივე მხრიდან, ხოლო კომპრომისი ყოველთვის ორმხრივია. ბუნებრივია, არის საკითხები, სადაც დათმობები შესაძლებელია. ასევე, არის საკითხები, რომლებიც პრინციპულია და რაზეც დათმობებს ვერ გავაკეთებთ. ეს ჩვენი წითელი ხაზები ძალიან კარგად იცის როგორც შვეიცარიამ, ისე ჩვენმა სხვა მეგობრებმაც და რუსეთის ფედერაციამაც.

 

ჩვენ უკვე გავაკეთეთ ერთი სერიოზული დათმობა – არ ვითხოვთ ჩვენი მებაჟეების დაყენებას ფსოუზე და როკის გვირაბზე, გვესმის რა, რომ ამ საკითხის დაყენება თემის პოლიტიზაცია იქნება. ეს ძალიან სერიოზული კომპრომისია და იმედი გვაქვს, რომ სათანადოდ იქნება აღქმული ყველა მხარის მიერ. ეს დათმობა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და დაინტერესებულნი – რუსეთის მსო-ში გაწევრებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ის აპირებს მსო-ს პრინციპებისა და ნორმების გათავისებას და მათზე დამორჩილებას. შესაბამისად, ასეთი ტიპის ფუნდამენტურ დათმობას ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსტრუქციულად მონაწილეობას მოლაპარაკებებში და შევეცდებით, კრეატიულად მივუდგეთ იმ საკითხებს, რაც ჩვენ და რუსეთს გვყოფს.

საბოლოოდ კი, ასე შეგვიძლია სიტუაციის შეჯამება – ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. თუ ის დაინტერესებულია მსო-ში გაწევრებით, ის წავა შვეიცარიის შემოთავაზებაზე, ხოლო თუ ის არ არის დაინტერესებული  მაშინ ამ წინადადებას არ მიიღებს.

კითხვა: რუსეთის პრეზიდენტმა იმავე ინტერვიუში მსო-ს კონტექსტში, ასევე, მიანიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ემბარგოსთან დაკავშირებული საკითხი მოაგვაროს. რამდენად პრინციპულია ეს საკითხი ქართული მხარისთვის და რამდენად დიდი ადგილი უკავია ამ თემას შვეიცარიაში რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში?

პასუხი: ემბარგოს საკითხები საერთოდ არ განიხილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ და რუსეთს შორის [მსო-თან დაკავშირებით] არის ერთადერთი პრობლემატური საკითხი – ეს არის საკითხი, რომელიც განხილვის საგანია თითქმის ათი წელია – ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უკანონო ვაჭრობის და უკანონო საბაჟო ადმინისტრირების მოქცევა მსო-ს რეგულაციებისა და ნორმების ფარგლებში.

არანაირი ემბარგო არ განიხილება. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი სამი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, იმ კომპანიებმა, რომლებიც გამოდევნილ იქნენ რუსული ბაზრიდან, უკვე მოძებნეს გასაღების ახალი ბაზრები. ახლა რომ ისინი დაბრუნდნენ რუსულ ბაზარზე და რუსეთმა ისინი კვლავ გამოყაროს, ეს მათთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება. ამის ძალიან კარგი მაგალითია მოლდოვა, სადაც რუსეთმა თავიდან შემოიღო ემბარგო მოლდოვურ პროდუქციაზე მოლდოვაში პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ, არცერთმა რაციონალურმა ბიზნესმენმა არ უნდა გაიტანოს თავისი საექსპორტო პროდუქციის 10%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე, რადგან ეს ბაზარი არ არის მდგრადი და ხშირად გამოიყენება რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის.

მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ განვიხილავთ ემბარგოს საკითხს, არის ის, რომ ემბარგო რუსეთის მხრიდან არის ონიშჩენკოს ბრძანებაზე დამოკიდებული. ონიშჩენკო იღებს პოლიტიკურ დაკვეთას და აჩერებს იმპორტს. აქ მოსალაპარაკებელი არაფერია. ონიშჩენკოს კეთილ ნებაზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

და მესამე მიზეზი: როდესაც და თუ რუსეთი გაწევრდება მსო-ში, მას მოუწევს ემბარგოს მოხსნა, რადგან შეუძლებელია მსო-ს ერთ სახელმწიფოს ჰქონდეს ემბარგო მეორე სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით. შესაბამისად, აქ მოსალაპარაკებელი არაფერია. რუსეთი კი მხოლოდ იმიტომ ამბობს ხოლმე საჯაროდ, რომ მზად არის, ემბარგო მოუხსნას საქართველოს, რომ ძალიან კარგად ესმის, ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

კითხვა: არსებობს მოსაზრება, რომ თავად რუსეთის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია გაწევრებასთან დაკავშირებით და რომ არსებობენ დაჯგუფებები, რომლებსაც არ სურთ მსო-ში გაწევრება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

პასუხი: არ მსურს სპეკულირება რუსეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ზოგჯერ რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ გვერდიდან თუ შეხედავ, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მათ მართლა არ სურთ მსო-ში გაწევრება და მხოლოდ მიზეზს ეძებენ, როგორ დააბრალონ ეს სხვა ქვეყანას. თუ გადახედავთ მოლაპარაკებებს ჩვენთან, ნახავთ, რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის მხრიდან მუდმივად არის პროვოკაციები – ჯერ ლავროვი ჩავიდა აფხაზეთში და იქედან ისაუბრა მსო-ში გაწევრებაზე, შემდეგ რუსეთმა დემონსტრაციულად დაარღვია საქართველოს, რუსეთსა და შვეიცარიას შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმება, რომ არ ისაუბრებდნენ მოლაპარაკებების დეტალებზე და თავიანთი პოზიციები „კომერსანტში“ გამოაქვეყნეს, ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. წინა რაუნდის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად შეიტანა აფხაზეთთან ე.წ. საბაჟო საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება დუმაში სარატიფიკაციოდ, ხოლო ახალგორში რუსულ-ოსური ე.წ. სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საქონლით ვაჭრობით გამარტივებაზე შეთანხმდნენ.

ასეთი ნაბიჯები, პირდაპირ ვთქვათ, კიდევ უფრო აშორებს რუსეთს მსო-ს და ზოგჯერ ტოვებს კიდეც იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთში არიან ძალები, რომელთაც არ სურთ მსო-ში გაწევრება. მაგრამ ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება.