პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის „ცინიკურ ნაბიჯზე“

amidgruziiსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ცინიკურს“ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის ნაბიჯს, რომელიც 8 აგვისტოს სახელმწიფო სათათბიროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაერთიანებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე შეთანხმებების სარატიფიკაციოდ შეტანას უკავშირდება.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სამი წლისთავის დღეებში განხორციელებული ასეთი ქმედება წარმოადგენს კიდევ ერთ ცინიკურ ნაბიჯს, რომლითაც რუსეთი დემონსტრაციულად აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ პოზიციას სუვერენული ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი ცვლილებისა და ეთნიკური წმენდის მიუღებლობის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის აუცილებლობის შესახებ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყება „აბსურდულ“ ქმედებას უწოდებს და აპროტესტებს რუსეთის ქიმიურ-რადიაციული და ბიოლოგიური დაცვის ჯარების საველე სწავლებებს, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყო 600 სამხედრო პირისა და 160 ერთეული საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების მონაწილეობით და 2 სექტემბრამდე გასტანს სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების მიზნებს შორისაა ატომური აფეთქებების დაფიქსირება, რადიაციული, ქიმიური და და ბიოლოგიური დაზვერვა და საბრძოლო ტექნიკის დეზინფიცირება.

„თუ რუსეთს რეალურად სურს უსაფრთხო გარემოს შექმნა საკუთარ სამხრეთ საზღვრებთან, ამისათვის საუკეთესო საშუალებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება და რუსეთის მიერვე გაძევებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობის აღდგენა წარმოადგენს, ხოლო საწყის ეტაპზე – სიტუაციის ობიექტური და მიუკერძოებელი მონიტორინგის მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება“, – აცხადებს საქართველოს დიპლომატიური უწყება, რომელიც ადასტურებს საქართველოს მიერ ძალის გამუყენებლობის თაობაზე აღებულ ვალდებულებას და ანალოგიური პირობის დადებისკენ მოუწოდებს რუსეთსაც.

 

საქინფორმი