პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს გამოეხმაურა

amishaსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გუშინ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს სტუმრობდა, სადაც ახალგაზრდებთან შეხვედრისას სხვა საკითხებზე საუბართან ერთად რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუსაც გამოეხმაურა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ეს უნიკალური ადგილია, თუმცა პირველი ბანაკი არ არის, რომელიც ჩვენ ავაშენეთ. აქედან 3 კილომეტრში ჩვენ, შეიძლება ითქვას, თითქმის ასეთივე, თუმცა ნაკლებად ლამაზი, ხით ნაშენი ბანაკი გვქონდა. სამი წლის წინათ, აგვისტოს ასეთივე მზიან დღეს, ჩვენ ტერიტორიაზე შემოსულმა არმიამ ის სახიფათო, სამხედრო ობიექტად მიიჩნია და პირველი, რაც მან გააკეთა, იყოს ის, რომ ეს ბანაკი გადაწვა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მინდა, იცოდეთ, რა არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის, ჩვენი ყოფის აბსურდი. ერთი მხრივ, საქართველო ძალიან ჩქარა შენდება. ერთ კვირაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ძალიან დიდი აკვაპარკის მშენებლობას იწყებს. საქართველოში ყველაფერი ხალხისთვისაა. მეორე მხრივ, იქ არის დაახლოებით 16 ბუნგალო, მე-16 ბუნგალოს ბოლოს კი კედელია. კედლის იქით, დაახლოებით, 60-70 კილომეტრის მანძილზე სიცარიელეა. მხოლოდ სამხედრო ბანაკი, ტანკები, მავთულხლართებია. იმის იქით კი სიცარიელე და უიმედობაა, ნგრევა და უპერსპექტივობა. იმის იქით არის ყველაფერი ის, რისგანაც ჩვენ ვცდილობთ გაქცევას. საქართველოს მუდმივად პრობლემები აქვს იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი და გახსნილი, გვინდა, ვცხოვრობდეთ ნორმალურად. ხანდახან მიკვირს კიდეც, რატომ გვაქცევენ ამდენ ყურადღებას. ორი დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ ლაპარაკობდა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენზე (მიუხედავად იმისა, რომ ის ამდენად დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, რეალურად, ძალაუფლება არ აქვს ან არ მისცეს და, რეალურად, სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება). მართალია, ეს ინტერვიუ მთლიანად არც კი მინახავს – სხვაც ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ პრესსამსახურის თანამშრომლების თქმით, ინტერვიუ 55 წუთს გაგრძელდა და აქედან 39 წუთი მე მეძღვნებოდა. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ იმაზე მეტი საქმე არ აქვს ამხელა ქვეყნის, თუნდაც, შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ამდენი იფიქროს? თუკი ჩემზე 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს, ალბათ, 40 დღე და 40 თვეც ექნება ნაფიქრი. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ არ გვინდა, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი ვიყოთ. პირადად მე მსიამოვნებს შენება, მსიამოვნებს ის, რომ, თუნდაც, ეს ბანაკი აშენდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგს ბანაკების შენება სიამოვნებს, ზოგს კი – საკუთარი დიდი არმიით სხვისი აშენებული ბანაკების გადაწვა, ტანკებით გადავლა და მიწასთან გასწორება. „რამდენიც არ უნდა დაგვიწვან და მიწასთან გაგვისწორონ, ჩვენ უფრო მეტს ავაშენებთ. როგორც ქართველი პოეტი ამბობს: „ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ“... ისიც უთქვამთ: „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია“... რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ, რომ ამდენი უსამართლობა ხდება, შეიძლება შიგნიდან ყველაფერი გგლეჯდეს და დაიკვნესო კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, შევაჩეროთ შენება და შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის. აქვეა ზღუდე, რომლის მიღმა ადამიანებს ეთნიკურ წარმომავლობას ეკითხებიან და თუ არ არიან იმ ეთნოსის წარმომადგენლები ან იმ შეხედულებებს არ იზიარებენ, რომლებიც იქ მდგომი ჯარისკაცების უფროსებს არ მოსწონთ, ხაზს იქით არ გადაუშვებენ. ჩემს დიდ ბაბუას, დომენტი ალასანიას, ეშერაში სახლი დარჩა და ჩემი სამშობლო არის აფხაზეთი. ჩემი სამშობლო არის იქ, სადაც დღესდღეობით მსოფლიოს  ერთ-ერთი, შემორჩენილი და გადმონაშთი არმია ეთნიკური ნიშნით არ გვიშვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც, მისივე თქმით, „რუსეთის ხელმძღვანელობა მას ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა“. „ვეუბნებოდი: შესაძლოა, მე საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი ვარ, რომელსაც შეუძლია ესენინის, პუშკინის, ლერმონტოვის, ვისოცკის, ბროდსკის ციტირება და თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება, შემდეგმა პრეზიდენტმა საერთოდ არ ილაპარაკოს რუსულად. და ეს ძალიან ცუდია... რა თქმა უნდა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ისეთი პოლიტიკა, რომლის პირობებში ჩვენი ქვეყნის ნაწილი დაკავებულია, არ განგაწყობს კარგი პოლიტიკური ურთიერთობისკენ, მაგრამ  ხალხმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ერთმანეთი“, – დასძინა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი კავკასიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, „შორს არაა ის დრო, როდესაც კავკასია ერთიანი იქნება; როდესაც ეს ხალხები ერთობლივად გადაწყვეტენ პრობლემებს, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს ხალხები, ბენილუქსი, სკანდინავიის ხალხები. კავკასიას აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი, ერთიანი და მთლიანი, რა თქმა უნდა, საკუთარი საზღვრების, ერებისა და თავისებურებების შენარჩუნებით, მაგრამ ეს, მაინც, ერთი რეგიონია“.

 

საქინფორმი