საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს, მათ შორის ტურისტული მიზნებით. ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იქ იმყოფებიან, მოუწოდებს, გაზრდილი ყურადღება გამოიჩინონ, „არეულობების ადგილებს არ მიუახლოვდნენ, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში - ქვეყანა დატოვონ“.
„რუსეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ჩვენს მეზობელ, მეგობრულ აფხაზეთში მოვლენებს, სადაც კვლავ გამწვავდა შიდაპოლიტიკური უთანხმოებები. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ ჩათვალეს ქვეყნის კანონიერ მთავრობასთან უთანხმოებების დარეგულირება ცივილიზებული ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის მეშვეობით და სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებიდან გავიდნენ, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად რესპუბლიკაში კრიზისული ვითარება შეიქმნა და ეს, მისი შედეგის მიუხედავად, აფხაზეთის განვითარებას ამუხრუჭებს. კერძოდ, თვალსაჩინოა, რომ ახლანდელის მსგავსი სცენარები საერთოდ არ უწყობს ხელს საზღვარგარეთიდან ინვესტიციების მოზიდვას, რაც რესპუბლიკის სოციო-ეკონომიკური ზრდის წონიანი ფაქტორია”, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი არ ერევა შიდა პროცესებში და იმედი აქვს, რომ არსებული ვითარება „მშვიდობიანი პოლიტიკური გზით“ იქნება მოგვარებული.