საზოგადოება
სამეგრელოს რაიონში გატარებული სასკოლო რეფორმა კრახს განიცდის

samegreloshiპარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, წალენჯიხის რაიონის სოფლის სკოლები სავალალო მდგომარეობაშია. სოფელ ნაკიფუს საჯარო სკოლაში 300-მდე მოსწავლე სწავლობს. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. არ არსებობს ელემენტარული სასწავლო პირობები, არ აქვთ სპორტული დარბაზი, სასადილო ოთახი, არც – მერხები და სკამები. ბავშვები ათწლეულების შედეგად შემორჩენილი ინვენტარით სარგებლობენ. სამაგიეროდ, შენობა ევროსტანდარტების შესაბამისია. ფასადი გარემონტებულია, მაგრამ ინტერიერი ცხოველის სადგომს უფრო შეესაბამება.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  მარინა კვარაცხელიამ ეს სკოლა მოინახულა და ამბობს, რომ ამ შენობაში შესვლის სურვილი არცერთ მოსწავლეს არ აქვს, ამიტომ ზოგი მათგანი მეზობელ სკოლაში დადის, ხოლო ისინი, ვინც ამას ვერ ახერხებს, სწავლას საერთოდ ანებებენ თავს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად, სავარაუდოდ, ამ სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ახალი სასწავლო წლიდან უმუშევარი დარჩება. შენობისთვის 1980 წლიდან არავის მიუხედავს. არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და არც განათლების მინისტრი სკოლის შენარჩუნებისთვის არაფერს აკეთებს. მოსახლეობამ განათლების სამინისტროს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართა, მაგრამ – ამაოდ. შაშკინისგან მხოლოდ დაპირებები ისმის. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის ამ სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი მკვეთრად შემცირდება, რადგან ბავშვებს სასკოლო ოთახებში სხდომის ეშინიათ. შენობის ავარიულობამ შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

„თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად გავუწევს რაიონში სასკოლო რეფორმის მიმდინარეობას მონიტორინგს, რადგან რაიონის სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე საფრთხეშია, აღარაფერს ვამბობთ მათ სასკოლო ინვენტარზე“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა კვარაცხელია.

 

საქინფორმი