საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. 13 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, ევროპარლამენტარებმა საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე იმსჯელეს. პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე შეთანხმდნენ, რომ დღის წესრიგისთვის ეს საკითხიც დაემატებინათ. დებატები წინ უსწრებს საკითხზე რეზოლუციის მიღებას, რომელსაც 25-28 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში „სამწუხაროდ, ხასიათდებოდა სერიოზული დარღვევებით, რომელიც გამოვლინდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს“. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ და რომლებმაც „საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელი დაშინებისა და ზეწოლის გარემო შეაფასეს“.
„ნება მომეცით თავიდანვე ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო: ეს არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს”, – განაცხადა მარგარიტის სხინასმა.
მისი თქმით, „მმართველმა პარტიამ ისარგებლა არათანაბარი პირობებით, მნიშვნელოვანი რესურსები გამოიყენა და ომის შიში დანერგა“, რათა თავი სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველმყოფ ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოეჩინა. მან ასევე განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიიწევს“, ის ასევე ახშობს განსხვავებულ აზრს, და დასძინა, რომ ამან ოპოზიციის წინააღმდეგ ითამაშა, „რომელიც შედარებით დაქსაქსულია და მსგავსი რესურსიც არ გააჩნია“.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე მშვიდობიან აქციებზე შეიკრიბა და „არჩევნების შედეგებით და ჩატარებით უკმაყოფილება გამოთქვა“. მისი თქმით, ბევრი მათგანი ევროპულ დროშებს აფრიალებდა, „და როცა ამას ვხედავთ, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება, არა მხოლოდ მათ“.
მან არჩევნების შემდგომ ევროკავშირის რეაგირების სამ ძირითად პუნქტს გაუსვა ხაზი:
მან გაიხსენა, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან „ევროკავშირმა მკაცრი პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას“, კერძოდ, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით, შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეაჩერა მნიშვნელოვანი დახმარება – 30 მილიონი ევრო ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. „ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება თავის ქმედებების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებად რჩება“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მარგარიტის სხინასმა აღნიშნა, რომ „არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია კატეგორიული საჯარო განცხადებებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მოეგვარებინა სერიოზული დარღვევები“. შემდეგ მან განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უკვე შეიტანა საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს 18 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგში და შესაძლო დამატებით ზომებს განიხილავს.
კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: „ნებისმიერი მომავალი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელისუფლებასთან გამყარებული იქნება მკაფიო და მკაცრი პირობებით, რომლებიც ასევე ასახულია ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ შეასრულებს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის, განახორციელებს კომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გავრცელებაა და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. კონკრეტული ზომები განხილვას არ ექვემდებარება: უნდა გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის შესახებ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი [ანტი-ლგბტ კანონი]“. მან დასძინა: „ამის გარეშე და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე, საქართველო გაწევრიანების გზაზე წინსვლას ვერ მიაღწევს… პირობები ნათელია – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას თბილისში, მით უკეთესი“.
ვიცე-პრეზიდენტ სხინასის გახსნის სიტყვას ევროპარლამენტარების განცხადებები მოყვა.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ დაგმო არჩევნების შედეგები, რომელმაც გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ მოუტანა, ასევე დაგმო ოლიგარქიული რეჟიმი, ევროკავშირს საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა და საქართველოს დეოლიგარქიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, თუ ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება სურს. „კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები, კრემლის დახმარებით, ცდილობენ ძალაუფლება მოიპოვონ თითქმის ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში“ – მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინა, მოლდოვა და „ბევრი სხვა ადგილი“, მათ შორის საქართველოც. „ევროკავშირში მკაფიო პოზიცია უნდა დავიკავოთ: საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ჩვენ მათ ვერ ვცნობთ. „ქართულ ოცნებას“ არ გაუმარჯვია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს არჩევნების უცხოური, დამოუკიდებელი გამოძიება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე „გაყინულია“ და ასეც დარჩება. „ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიენემ და დასძინა, რომ „ჩვენ ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის“. თუმცა, ასევე განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“ პროევროპული გზის მხარდაჭერისთვის. „ამიერიდან ევროკავშირი ძალიან მკაფიო უნდა იყოს როგორც ქართული საზოგადოების, ისე „ქართული ოცნების“ წინაშე, რომელმაც მათ არჩევნები მოიპარა. ევროკავშირში გაწევრიანება არ არის თავსებადი ოლიგარქიულ სისტემასთან“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ „დებიძინიზაციის“ შემდეგ იქნება შესაძლებელი.
იტალიელი ევროპარლამენტარი ჯორჯო გორი მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირს მათი მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ ჰქონდათ თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა და კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა მან და ასევე მიუთითა რუსეთის „ძალადობრივ დეზინფორმაციის კამპანიაზე“, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონსა და ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე, რომელიც, მისი თქმით, „საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“. მან შეაქო ქართული საზოგადოება და კანდიდატ ქვეყნებს შორის „ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული“ უწოდა. „ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა […] გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ მისწრაფებების მხარდასაჭერად, რათა საქართველოს ხალხმა იცხოვროს კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უფლებებსა და დემოკრატიას“.
უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, რომლის თქმითაც, იგი კენჭისყრის დღეს საქართველოს არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა და ამომრჩევლებმა მას უთხრეს, რომ ენდობიან არჩევნების მთლიანობას. რაც შეეხება ძალადობრივი ინციდენტების მასშტაბებს არჩევნების დღეს, მან განაცხადა, რომ „არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სხვაგან ვერ მოხდებოდა“. მან ევროკავშირის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, „ცდილობდნენ საქართველოს დესტაბილიზაციას და საპროტესტო აქციების გაღვივებას“. „ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი; მაშინაც კი, თუ ბევრს არ მოსწონს ეს ევროკავშირში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს“, – განაცხადა მან. ევროპარლამენტარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირებას, რომელიც არჩევნების შემდეგ გაჟღერდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა საქართველოს პრიორიტეტად რჩება. მან საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისკენ მოუწოდა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა ავტორიტარიზმამდე მიიყვანა. მან კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ხელმძღვანელობის რუსულ კავშირებზე და ევროპული სახსრების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებითა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა გარშემო სანიტარული კორდონის შექნით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სრული იზოლაციისკენ მოუწოდა.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც 26 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრი იყო, რიგ დარღვევებზე მიუთითა, რომლებიც მან არჩევნების დღეს იხილა. იგი ასევე შეეხო არჩევნების შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მათ არ მიატოვებს. „ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გარდაიქმნება. ისინი მიმართავენ ვლადიმერ პუტინს და სურთ აკრძალონ ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პასუხი მთავრობის ქმედებებზე არის ძლიერი, მაგრამ „არასწორად მორგებული“. მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ასევე აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს, განაცხადა, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით „პირდაპირი მანიპულაციების“ მოწმე გახდა. „მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „აბსოლუტურად ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს სამართლიანს“. მან არჩევნების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. „ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე“.
იტალიელმა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ეუთოს ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „მას არ დაუდასტურებია არც ერთი ბრალდება ფართომასშტაბიანი გაყალბების შესახებ“. „თუმცა ახლა მათ [საქართველოს] გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პარლამენტის უმეტესობასა და ევროკომისიას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონთ“. მან ევროკავშირი საქართველოს არჩევნების შეფასებისას „ორმაგ სტანდარტებსა“ და „ფარისევლობაში“ დაადანაშაულა და დასძინა, რომ ამგვარი დამოკიდებულებით ევროკავშირი სანდოობას კარგავს.
სლოვაკმა ევროპარლამენტარმა მილან უჰრიკმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ხმა არ მისცა პროევროპულ პარტიებს, რადგან, მისი თქმით, მათ ამის კარგი მიზეზები ჰქონდათ. ამ მიზეზებს შორის მან დაასახელა რიგი ანტი-ევროპული არგუმენტები, მათ შორის ლგბტ „პროპაგანდის“ მიმართ წინააღმდეგობა და რუსეთთან ომში შესაძლო ჩართვის შიშები.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა ხაზი გაუსვა შარშან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც მისი თქმით, „ისტორიული“ გადაწყვეტილება იყო, რომელიც იმ პირობას ეფუძნება, რომ საჭირო რეფორმები უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის „უზარმაზარი შესაძლებლობა“ იყო გაწევრიანებასთან დაახლოებისთვის. „სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულებისა და ხელისუფლების განზრახვების თაობაზე“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „დაძაბულმა და პოლარიზებულმა წინასაარჩევნო გარემომ, დაფიქსირებული დარღვევებით, კიდევ უფრო გააძლიერა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარული დღის წესრიგი“. მისი თქმით, „ქართველ ხალხს არ სურს ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი იყოს“. მან საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპელი ლიდერები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში და მათ შორის, როგორც მან აღნიშნა, რევოლუციისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. მან მოუწოდა მათ შეწყვიტონ საქართველოს „დესტაბილიზაცია“, „თუ ევროკავშირს არ სურს სსრკ-ს მსგავსად იმოქმედოს“.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვისას ორი ძირითადი პრინციპი უნდა დაიცვას: 1. გაითვალისწინოს ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ. „არჩევნების შედეგები არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, – აღნიშნა მან; 2. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა. „საქართველოს ახალი პარლამენტი, როგორც ჩანს, ერთპარტიული ორგანოა“, – განაცხადა მან. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პასუხი უნდა იყოს „კატეგორიული“ და მოუწოდა ევროკავშირს მოითხოვოს არჩევნების საკითხზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდო გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი, ასევე მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ ძალებს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები „სათანადოდ“ ჩატარდა, რომ არჩევნები იყო „დემოკრატიული“ და „მკაფიო გამარჯვებული“ გამოვლინდა. „რეპრესიის განცდა აბსოლუტურად არ არსებობდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის არჩევნების პროცესს ადგილზე აკვირდებოდა. „ქართველები ამაყი ხალხია; ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ არ სურთ დაემორჩილონ ბრიუსელის „ცისარტყელას“ დღის წესრიგს”, – განაცხადა გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD პარტიის წარმომადგენელმა.
სლოვაკეთის დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალური გამარჯვება მიულოცა, და იმაზე ისაუბრა, თუ რა საერთო აქვთ მის პარტიას და „ქართულ ოცნებას“. მან დასავლეთი და ევროკავშირი „პროგრესული ავტორიტარიზმისთვის“ გააკრიტიკა.
ხორვატმა დეპუტატმა დავორ ივო სტიერმა საქართველოში, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე ისაუბრა და ამ ქვეყნებში დემოკრატიული და ევროპული ძალების მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ავსტრიელმა დეპუტატმა რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა, რომ არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, არჩევნების წინ და არჩევნების დღეს დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევების გამო. მან ასევე გააფრთხილა, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ევროპისკენ მიდის, თუმცა რეალურად რუსეთისკენ მიისწრაფვის, არ შეცვლის კურსს, ქვეყანა ევროპულ გზაზე დამარცხდება.
ესტონელმა ევროპარლამენტარმა იური რატასმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპის ნაწილია“, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ დაკარგა დემოკრატიული ღირებულებები და დაშორდა ევროპას. ამაში მან ქვეყანაში რუსეთის გავლენა დაადანაშაულა. მან მოუწოდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენისკენ, ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ.
გერმანიის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლუკას სიპერმა არჩევნების პირდაპირი შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების რუსულ პოზიციას, რომელიც, მისი თქმით, რუსული სტილის კანონმდებლობაში აისახა. „საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისი ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა მან.