პუბლიკაციები
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ საქინფორმს: „ვცდილობდი, ღირსეული კადრები აღმეზარდა და როცა მე წავიდოდი, ჩემი შემცვლელი დამეტოვებინა – ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე... ჩემს დროს ესენი ცუდი ბიჭები არ იყვნენ, მერე გაუკუღმართდნენ“

edika55

ბატონო ედუარდ, დღეს უკვე ბევრი, მათ შორის - თქვენი რევოლუციონერი ოპონენტებიც, აღიარებს, რომ შევარდნაძის დროსაც კი ასეთი განუკითხაობა და გაჭირვება არ ყოფილა, როგორიც დღეს არის. ყველაფერი კარგად მაშინაც არ იყო, მაგრამ ხალხს არსებობისა და მუშაობის შესაძლებლობა მაინც ჰქონდა.

რევოლუციონერებიცშევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ მიზეზად კორუფციას ასახელებდნენ. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კი საქართველომ ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ მიზეზი ეს არ ყოფილა.

ამასთან, ამბობენ იმასაც, რომ მიზეზი რევოლუციისა ის რეფორმებიც იყო, რომელთა გატარებაზეც თქვენ უარი განაცხადეთ და ამათ კი იკადრეს. ამის შედეგადაც, პრაქტიკულად, რეფორმირებული ყველა სფერო განადგურდაგანათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, თავდაცვა, ეკონომიკა და ..

თითქოს ესენი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიზანმიმართულად გასანადგურებლად მოაგროვეს. ვინ არიან ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მბრძანებლები და საიდან მოვიდნენ?

– რთული კითხვაა. მე ვცდილობდი, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, მისი პრინციპების დამკვიდრებისთვის  შემეწყო ხელი. ბევრ რამეში მივაღწიე კიდეც ამას. ეს ერთი. მეორე, ვცდილობდი, რომ ღირსეული კადრები აღმეზარდა და  როცა მე წავიდოდი, ჩემი შემცვლელი დამეტოვებინა - ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე და სხვები. ჩემს დროს ესენი ცუდი ბიჭები არ იყვნენ, მერე გაუკუღმართდნენ...

ამასთან დაკავშირებით, ბატონო ედუარდ, თქვენ ხშირად სააკაშვილისა და ჟვანიასგამზრდელობასგაბრალებენ. პირადად მე, ვთვლი, რომ ყველა ადამიანი საკუთარ ოჯახში და გარემოში იზრდება. ჩემი ბაბუა-ბებია მცხეთის ქუჩაზე თქვენ გვერდით ცხოვრობდნენ. უბნიდან თქვენს ვაჟზეც მსმენია, რომ განათლებული და უწესიერესი ადამიანია. ნახევრად ხუმრობით, რასაკვირველია, მაგრამ როგორ გამოგივიდათ პაატა ასეთი წესიერი და ესთქვენი გაზრდილიახალგაზრდებიასეთი სასტიკნი და დაუნდობელნი თავიანთი ხალხის მიმართ?

–  პაატა სხვა პირობებში გაიზარდა. თოთხმეტი წელი მუშაობდა იუნესკოში. დიდი გამოცდილება მიიღო. ეს თოთხმეტი წელი, ფაქტიურად, ორ-სამ აკადემიას უდრის. მისი მოღვაწეობა არც მაშინ და არც ახლა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. ესენი კი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ.

ბატონო ედუარდ, ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ იმ ქონების, რაცრევოლუციონერებმათქვენი ხელისუფლების პერიოდში იშოვეს (იმავე მაჭავარიანის ბიძაშვილებმა, რომელთა მფლობელობაში ვაკეში არსებული საპარიკმახეროები, ბარამიძის ოჯახის მფლობელობაში არსებული მაღაზიები, სხვების დიდი ქონება), ხელისუფლებაში მოსვლით ხალხის ხარჯზე გაათასმაგება მოინდომეს. ცოტა გასაკვირიაამხელა გამოცდილების პოლიტიკოსი ბრძანდებით დასახლში წავედიო“ – რომ ბრძანეთ 2003-ში, როგორ ვერ მიხვდით, ესენი რას წარმოადგენდნენ და როგორ დატოვეთ ქვეყნის სამართავად?!

მე  უბრალოდ კი არ წავედი! მოგეხსენებათ, 2003 წლის 23 ნოემბერს ბოლო ჩვენი შეხვედრა კრწანისში შედგა. ერთ მხარეს მე ვიყავი, მეორე მხარეს – ჟვანია და სააკაშვილი. ბურჯანაძე არ მოვიდა, მხოლოდ ორნი მოვიდნენ. მე უბრალოდ კი არ წავედი, მე მათ ძალაუფლება გადავაბარე, რათა სისხლი არ დამეღვარა! მაშინ ჟვანიას იმედი მქონდა. ზურა ჭკვიანი ბიჭი იყო.

ჟვანიასთან დაკავშირებით. უდავოდ ჭკვიანი და გაწონასწორებული პიროვნება იყო. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა და მისი უმცროსი შვილის ნათლიაც არის, მაგრამ სწორედ ჟვანია იყო ის პიროვნება, ვინც ეს რევოლუციური პროცესი მოამზადა თავისთვის. მე ჟურნალისტური გამოძიებებიდან ვიცი, რომ ენერგოკრიზისის დროს, ელექტროენერგია რომ არ გაიცემოდა, პირდაპირი დავალება სრულდებოდა – „დაძაბეთ სიტუაცია ხალხის უკმაყოფილების გამოსაწვევად!“ ენერგოსექტორს კი მაშინ ჟვანია ხელმძღვანელობდა... არასწორი წარმოდგენა ხომ არ გქონდათ ჟვანიასთან დაკავშირებით? თავისთვის ის სწორ პოლიტიკურ სვლებს აკეთებდა, მაგრამ ერთგულების თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ის თქვენი ერთგული არ იყო. თქვენ კი მას თქვენ მაგივრად ტოვებდით?

–  ჟვანია სამი წელი „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივანი იყო, შემდგომ თითქმის 8 წელი – პარლამენტის თავმჯდომარე და მე მინდოდა ახალი თაობა, ახალგაზრდა ბიჭები მოსულიყვნენ. განსაკუთრებით, ჟვანიასი მჯეროდა, მაშინ მის ერთგულებაში ეჭვს ვერ შევიტანდი.

პასპორტში ეროვნების გრაფაზეც მინდა, გკითხოთ, ბატონო ედუარდ. ვიცი, რომ თქვენ ამის წინააღმდეგი იყავით. სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობისას, ბურჯანაძე და სხვები გიმტკიცებდნენ, რომ პარლამენტს ეს უნდა. ეროვნების ამოღებამ ძალიან ცუდი გამოხმაურება პოვა საზოგადოებაში. დღეს უკვე ქართული გვარების შემოკლებასაც კი აპირებენ.

საზოგადოებაში არის აზრი, რომ ყველა ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მისი ეთნოსის წარმომადგენელი ეყოლება სათავეში. ისრაელსებრაელი, აზერბაიჯანსაზერბაიჯანელი, სომხეთსსომეხი და .. რადგან მან უკეთ იცის მისი ერის სატკივარი და არა იმიტომ, რომ ქართველებს რომელიმე ეროვნება სძულს. რა ვითარებაში მოხდა ამ გრაფის ამოღება, ბატონო ედუარდ, ვინ ითხოვდა ამას ასე კატეგორიულად?

– ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოთხოვნა ეს არ ყოფილა... მე ყოველთვის ვზრუნავდი ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, შენარჩუნებაზე, რომ არ დარღვეულიყო მისი სტატუსი. თუ გახსოვთ, მოვიდა საკავშირო ცეკას 1978 წლის დადგენილება, რომ ერთიან ქვეყანაში ერთიანი სახელმწიფო ენა ყოფილიყო. მაშინ საქართველომ სახელმწიფო ენად ქართული შეინარჩუნა.

ამის საპირისპიროდსინგაპურიზაციასგვთავაზობს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის პირობებში უამრავ სხვადასხვა ენაზე უნდა ისაუბრონ სახელმწიფოში. ენის წაშლა ხომ ცნობიერებისა და ერის წაშლასაც გულიხმობს?

–  რა თქმა უნდა! ჩავედი მოსკოვში, შევხვდი ბრეჟნევს, ჩერნენკოს, სუსლოვს. ვარწმუნებდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდება და 1956 წელი განმეორდება – ხალხი ამას არ დათმობს-თქო. არაფერი გამოვიდა. ბრეჟნევმა მითხრა – ამ საქმეში ვერ ვერკვევი და სუსლოვს მიმართეო. სუსლოვი თავად გახლდათ ახალი კონსტიტუციის იდეოლოგი და კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, შენარჩუნების. ვერაფერი რომ გავაგებინე, ჭკუა ვიხმარე. ჩერნენკოს მივმართე. ძალიან კარგი ადამიანი იყო, განათლებული. დაწვრილებით ავუხსენი, რას ნიშნავს ენა ქართველი კაცისთვის, რა დანიშნულება აქვს და რას წარმოადგენს ქართველისთვის ენის სტატუსის საკითხი. დავბრუნდი თბილისში. საქართველოშიც, ასევე, საჭირო გახდა საზოგადოების გამოფხიზლება, რადგან კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი-ორი პიროვნების გარდა, არავინ მიაქცია ენის სტატუსის შეცვლას ყურადღება. დავიწყეთ ამაზე მუშაობა.  დადებითი როლი ითამაშეს მარიკა ლორთქიფანიძემ, რისმაგ გორდეზიანმა. მწერლებმა, პოეტებმა, ენათმეცნიერებმა. აქტიურობდნენ თბილისის უნივერსიტეტის და მაშინდელი პოლიტექნიკურის სტუდენტები. 14 აპრილს დაინიშნა უმაღლესი საბჭოს  სესია... და, რა თქმა უნდა, დედა ენის – ქართული ენის საკითხიც განიხილებოდა. ჩემს გვერდით იჯდა კოლბინი, ცეკას მეორე მდივანი, ვთხოვე, მაცნობოს, რა მოხდებოდა ქუჩაში. დაიძრნენ უნივერსიტეტიდან (ჯავახიშვილის სახელობის), შემოუერთდნენ პოლიტექნიკურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მოვიდა ცნობა, რომ უკვე ოპერასთან იმყოფებიან. მეტი აღარ იყო საჭირო...  მეც ამას ველოდი და ბოლოში გამოვაცხადე, რომ  საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა!

ბატონო ედუარდ, ჩვენ მაშინ სკოლებიდან გავიპარეთ. არ გვიშვებდნენ, მაგრამმაინც...

–  ხალხი მაშინ ძალიან აქტიური იყო.

მახსოვს, რა ამბავი მოჰყვა ამას. ტელეეთერით დიდი გულისყურითა და მოლოდინით ადევნებდა ხალხი თვალს ამ სესიას. თბილისიდენთის კასრსჰგავდა.

–  არ შეიძლება ამას არ მოჰყოლოდა რეაქცია.  სესიაზე პრეზიდიუმში ინაურიც იჯდა. ადგებოდა და გადიოდა აქეთ-იქეთ.  ხალხმა იცოდა,რომ ინაური თუ გადიოდა, ე.ი.  რაღაც სერიოზული ხდებოდა. ძალიან დაზაფრული სიტუაცია იყო. რა დასამალია და, ამ დროს ვიღაცამ პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს. თავი გაწიროს. ან შეგრჩება, ან – არა. ენის სტატუსის საკითხზე მოხსენება ბოლოსთვის შემოვინახე. ჯერ ვისაუბრე საქართველოს, სამშობლოს, ენის მნიშვნელობაზე და ბოლოს დავასრულე იმით, რომ გამოვაცხადე: „ჩვენ აქ ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ – ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს!“. რა თქმა უნდა, არავითარი თათბირი არ ყოფილა. რვაასი კაცი მაინც იჯდა დარბაზში. ვუყურებ დარბაზს, ყველა წამოდგა!  დედა ენა დარჩა – ცრემლით სავსე თვალებში ეს იკითხებოდა! მგონი, მხოლოდ ერთი-ორი კადრი თუ შემორჩა ამ ცრემლიანი თვალებისა, სადაც ზოგი ტირის, ზოგიც მოთქვამს.

თქვენ ბრძანეთ, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ. ჩვენს ხელისუფლებას ეს თვისება არ გააჩნია. ქვეყნისა და ერისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. ასე რომ, სააკაშვილსა და შევარდნაძეს შორის აშკარა სხვაობაა, თუმცა გამუდმებით მისი თქვენთან ქვეცნობიერი ქიშპიც იგრძნობა.

–  შევარდნაძე სხვა იყო და სააკაშვილი სხვა არის... თქვენც აღნიშნეთ, რომ ხალხი ამას ხედავს.

სააკაშვილი მუდმივად იმეორებსშევარდნაძეში არ შეგეშალოთო! ამასთან, ის მიღწევები, რომლებითაცრევოლუციურიხელისუფლება მოსვლის დღიდან ამაყობსიყო ეს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რუსეთის ჯარების გაყვანის სტამბოლში მიღწეული შეთანხმება, ამერიკულიწვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ – ფაქტობრივად, თქვენი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა. ასლან აბაშიძის დაწყებული გვირაბის მშენებლობაც კი თავისად გამოაცხადა. და მაინცროგორ მოხდა, რომ ასეთი ადამიანები გყავდათ ამდენ ხანს გვერდით და ვერ მიხვდით? მამაჩემი ყოველ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შევარდნაძის მეგობარია და გამსახურდიას მომხრეებისგანაც კი, რომლებიც თქვენ მიმართარცთუ კეთილგანწყობილნიარიან, ერთგულების ამ თვისებას მასში აფასებენ. ისინი კი, ვისგანაც თქვენი ხოტბა-დიდება გვესმოდაიგივე სააკაშვილი, ბარამიძე, მამა-შვილი გაბაშვილი და სხვები, დღეს ასე გიხდიან ერთგულებას?! უკაცრავად, ბატონო ედუარდ, და, ამათ შემთხვევაში, „გველები გაგიზრდიათ უბეში“?!

–   (დიდი პაუზა) მე დავამთავრებ ენის სტატუსის თემას.  როცა ჩვენ აქ სესია ჩავატარეთ,  მერე მე, კოლბინი, პატარიძე, გილაშვილი მოსკოვში გავემგზავრეთ... შევედით სუსლოვის კაბინეტში. ის თავის საქმეს აკეთებდა – რაღაცას წერდა... „ქართული ნაციონალიზმისა“ და „ქართული შოვინიზმის“ საბაბით, „მოთხრილები“ ვიყავით. შეხვედრას  ერთ-ერთი საკავშირო ცკ-ს მდივანიც, კირილენკო,  ესწრებოდა  და მან ჩაურთო სიტყვა. მე მეუბნება – ყველაფერი შენი პარტკომების დამსახურებააო! ნაწილობრივ ასეც იყო.  გახურებული თათბირია და რეკავს ბრეჟნევი. სუსლოვმა სთხოვა, რომ ხვალ პოლიტბიუროს სხდომაა და საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეიტანეთო. ბრეჟნევს გაუკვირდა – რა საკითხიო? სუსლოვმა შეახსენა და ისიც მოახსენა, რომ შევარდნაძე მასთან კაბინეტშია და უკვე ვესაუბრეო, რაზეც ბრეჟნევმა უპასუხა – მაშინ საკმარისია, პოლიტბიუროზე ამ საკითხის განხილვა საჭირო არ არისო! ეტყობა, ჩერნენკომ კარგად „იმუშავა“ ბრეჟნევთან... ასეთ ვითარებაში  პოლიტბიუროზე დაბარება კი, რა იყო – მინიმუმ, ან მოგხსნიდნენ, ან პარტიიდან გაგრიცხავდნენ, ან უარესად დაგსჯიდნენ. ღმერთმა გადმოგვხედა და სამშობლოში ბედნიერი დავბრუნდი. ქართული ენა აღიარებულია! ბავშვები დამშვიდდნენ! ქვეყანა დაწყნარდა და უბედურებას გადავრჩით!

ბატონო ედურად, 2003 წლის არჩევნების და .. „ვარდების რევოლუციაზემინდა, გკითხოთ. დღეს უკვე ბევრი ლაპარაკობს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო. არსებობდა ბეიკერის ცნობილი წერილი, რის საფუძველზეც ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებაში დარჩენას აღარ აპირებდა. რატომ შეშინდარეფორმატორთა.. ჯგუფი და ვადის დასრულება რატომ არ დაგაცადეს?

–  მე თვითონ დავუთმე ხელისუფლება! კიდევ ვიმეორებ,  სისხლისღვრას ავარიდე ხალხი და ქვეყანა! სესიის მსვლელობის დროს დარბაზში შემომეჭრა შეიარაღებული ჯგუფი, სააკაშვილის და სხვების თამადობით. ჟვანია არ შემოჭრილა, მგონი, ისე ბევრნი კი იყვნენ…

რელიგიის კანონთან დაკავშირებითაც მინდა, გკითხოთ, როდესაც არც საზოგადოებას და არც პატრიარქს არაფერი ჰკითხეს, 1978 წლის მოვლენების მსგავსად, ხალხში მსგავსი საპროტესტო მუხტი ისევ გამოვლინდა. ჩანს, ასეთ საკითხებში ქართველები, განსაკუთრებითახალგაზრდები, ისევ ფხიზლდებიან... თქვენი პრეზიდენტობისას ბასილ მკალავიშვილი, რომელიც დღეს იეღოველების გააფთრებულ მტრად შერაცხა, არავის დაუჭერია. არც ეკლესია დაუნგრევია და დაურბევია ვინმეს. დღეს რვა მართლმადიდებელია დაპატიმრებული სარწმუნოების დაცვის გამო. იქნებ ან საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოთ, ან თქვენს მეგობრებს დახმარებისთვის?

–  ტელეანძაც გაუყიდიათ უკვე... სააკაშვილზე არ ვილაპარაკებ. ჭკვიანურია თუ არა არჩევანი, ეს სხვა საქმეა. მოვა დრო და ყველა თავის ნამოქმედარზე პასუხს აგებს. შევარდნაძეც, სააკაშვილიც. ვინც  უნდა იყოს, ყველა. მოვა ეს დრო! ჯერჯერობით თითქოს თავის საქმეს აკეთებს. ყველაფრის დრო მოვა...

ბატონო ედუარდ, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, არის თუ არა მიზანშეწონილი რუსეთთან ასეთი კონფრონტაცია და საქართველოსთვის სრულებით უცხოამერიკული იდეოლოგიის აგრესიული დანგრევა? ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ამიერკავკასიაში საქართველოს წამყვანი როლი სომხეთს ჩაანაცვლებინა!

–  რა თქმა უნდა, არასწორია. ურთიერთობები უნდა აღდგეს და ტერიტორიები დაბრუნდეს.

შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს თუ ხედავთ, ბატონო ედუარდ? ხელისუფლება, როგორ ჩანს, არანაირი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების დათმობაზე წასვლას არ ფიქრობს. გოგორიშვილი უკვე ახალ საარჩევნო კოდექსზეც მუშაობს. რა მოხდება? ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ რევოლუციის რეჟიმში თუ აღმოვჩნდით. შედეგები, ხელისუფლების აგრესიულობიდან და დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდი იქნება. თავის დროზე ამათთვის წყლის ჭავლი მაინც რომ მიგეშვათ, იქნებ საშველი ყოფილიყო?

–სისხლი რომ არ დაღვრილიყო, მე გადავდექი! ამას წყალი არ შველის, ამას ჭკუა უნდა, ჭკუა! მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესობისკენ  წავა საქმე. გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ამ კრიზისიდან ქვეყანას ისევ ქართველი ხალხი  გამოიყვანს და სხვა ვერავინ.

დაბოლოს, როგორც საქინფორმის კორესპონდენტი, გკითხავთრას უსურვებდით საქინფორმს, რომელსაც ზუსტად ერთ თვეში – 2011 წლის 10 სექტემბერსმისი აღდგენიდან ერთი წელი უსრულდება? ჩვენ მთავარ რედაქტორთანარნო ხიდირბეგიშვილთანარაერთხელ გისაუბრიათ, საქინფორმის საქმიანობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II აკურთხა, მის აღდგენას დიდი, ნამდვილი ეროვნული საქმე უწოდა და მხარში ამოდგომასაც დაგვპირდა...

ეს ნამდვილად დიდი საქმეა და ყველაფერში ვეთანხმები იმას, რაც საქინფორმთან დაკავშირებით   მისმა უწმინდესობამ ბრძანა. ვერც ვერაფერს დავუმატებ და ვერც გამოვაკლებ. ის ბრძენი ადამიანია და ყოველთვის იცის, რასაც ამბობს!

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი