აქტუალური
საქართველოს რკინიგზაზე კვლავ მოსალოდნელია ავარიების სერია

kruashvპოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, პარტიის მიერ ჯერ კიდევ ივნისში გაკეთდა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ  შპს „საქართველოს რკინიგზაში“ მატარებლების უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დარღვევებია .

„ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი დარღვევათა ვრცელი ჩამონათვალიდან. სამწუხაროდ, შპს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული შენიშვნები, რასაც მოჰყვა ავარიათა სერია რკინიგზაზე. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავარიულ მდგომარეობაშია როგორც  რკინიგზა, ისე ვაგონები და ელექტრომატარებლები. განცხადებიდან რამდენიმე დღეში, სამწუხაროდ, „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ ფაქტის წინაშე დადგა – მცხეთასთან მოხდა სერიოზული ავარია და  ნავთობით დატვირთული რამდენიმე  ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, აღიარა ის ფაქტი, რომ რკინიგზაში სერიოზული დარღვევებია და რამდენიმე დღის წინათ გამოსცა ბრძანება N 0000685, სადაც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ფაქტორის გამო მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/საათის ნაცვლად დაშვებულ იქნეს 65კმ/საათი. ბრძანებას ხელს აწერს მგზავრთა გადაყვანის დირექტორი თეიმურაზ ბულია.

გამომდინარე პრობლემის აქტუალობიდან, პოლიტიკურმა პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად დეტალურად შეისწავლა  შპს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული მდგომარეობა. მინდა, გითხრათ, რომ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა: ელმავლებსა და ელექტრომატარებლებს არ უტარდება შესაბამისი ტექნიკური მომსახურება, ვაგონების თითქმის 95 პროცენტი ამორტიზებულია, ლიანდაგის ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ექსპლუატაციის ნორმებს, ელმავლების აბსოლუტური უმრავლესობა აღარც კი ექვემდებარება ქარხნულ აღდგენას.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შპს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული მდგომარეობის შესასწავლად, ასევე, მივმართავთ  ხელისუფლებას, სასწრაფოდ იქნეს ირაკლი ეზუგბაია ჩამოშორებული დაკავებულ თანამდებობას და „საქართველოს რკინიგზას“ ჩაუტარდეს გადაუდებელი ტექნიკური მონიტორინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი ალბათობით მოსალოდნელი ავარიის შედეგებზე პასუხს აგებს როგორც რკინიგზის ადმინისტრაცია, ისე ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მფარველობას უწევენ ბ-ნ ეზუგბაიას.

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები რკინიგზის სპეციალისტებთან ერთად რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ვიდეო და აუდიომასალებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ საფრთხეს შეიცავს საქართველოს რკინიგზით სარგებლობა“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივანი, გამგეობის წევრი  გია ყრუაშვილი.

 

საქინფორმი