აქტუალური
მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ინერგება

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული სექტორების ტრანსფორმაცია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში ხონჩიაოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმი, რომელზეც ნადარეიშვილი მოხსენებით გამოვიდა, ინდუსტრიალიზაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს შეეხებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, მათ შორის, ხელოვნული ინტელექტის კუთხით.

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია... მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, ქვეყანა ასევე ჩამოყალიბდა ერთგვარ რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ტექნოლოგიური და IT-კომპანიებისთვის.

ამ პროფილის 150-მდე კომპანიამ საქართველოში გახსნა ოფისები, სადაც 10,000 - ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტი საქმიანობს. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა - 2023 წელს IТ-სერვისების ექსპორტი 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია საქართველოსთვის", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის და დარჩეს კონკურენტუნარიანი სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში.

კონკურენტუნარიანი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის ჩამოყალიბება გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე უბრალოდ სათანადო ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს-მეგობრული საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა. ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ IT განათლებაში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო წლებში უწყების მიზანი იყო განვითარებული ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა - შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა ცხრა ტექნოლოგიური პარკი, რომლებიც ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარებიან.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სამინისტრომ დაიწყო ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტის განხორციელება - საუბარია ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე, რომელიც გააერთიანებს ინტერაქციულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მუზეუმს, სტარტაპ-აქსელერატორს, საერთაშორისო IT-სკოლას, სხვადასხვა ინოვაციური ლაბორატორიებს.

და რაც მთავარია, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრ მონაცემთა ცენტრს, სადაც იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ჯანდაცვაში, განათლების სისტემაში, აგროსექტორში, ბიოტექნოლოგიაში, საჯარო სერვისებში და საბოლოო ჯამში, ბიზნესსა და ეკონომიკაში", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ეკონომიკური ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა China International Import Expo-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა, 40-მდე ქართული კომპანია, რომლებიც ჩინეთში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით გაემგზავრნენ. გამოფენაზე საქართველო სამი სხვადასხვა პავილიონით არის წარმოდგენილი.