საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა გამოთქვა მზაობა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს დელეგაცია საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ ერ-რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობას, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ", - განაცხადა ქარსელაძემ.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა ქართული მხარის მიერ გაზიარებულ შედეგებს მაღალი შეფასება მისცა და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
„მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესის და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საფუძველი არსებობს და ეს თანამშრომლობა შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს როგორც გზების, წყალმომარაგების, ისე მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენცია ქალაქ ერ-რიადში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს.
მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები დელფტის, ვირჯინიის, არიზონას, ბერლინის და სხვა ქვეყნების ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისათვის თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების ახალ შესაძლებლობებზე.
ასევე, განიხილეს ურბანული სატრანსპორტო ახალი სისტემებისა და ინკლუზიური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.