აქტუალური
„ჰიბრიდული ომი“ არჩევნების წინააღმდეგ: „ქართული ოცნების" პასუხი 13 ბრალდებაზე

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად მოხსენიებულ 13-ვე ბრალდებას გამოეხმაურა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე განაცხადეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება. მის უკან დგას არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ ის ჯგუფებიც, რომელთა განცხადებებიც გვესმის ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.

დეზინფორმაცია №1 - ხმებით მანიპულაცია

ოპოზიციას ოლქებში დელეგატები არ დაუსახელებია და მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში არ შეხვედრია, ახლა კი გაკვირვებულია წაგებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკანონმდებლო სიახლეების მიხედვით, პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა, დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატი დელეგატად გამოაცხადონ ოლქებში. თითოეული დელეგატი პასუხისმგებელი უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით 30 საარჩევნო ოლქიდან ერთ-ერთში საარჩევნო კამპანიის წარმართვაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ, თუ პარლამენტში შევა, დაიცვას ამ ოლქების ამომრჩეველთა ინტერესები.

პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ყველა ოლქში ჰყავდა. 50 დღის განმავლობაში მათ გამართეს 5.048 შეხვედრა, ანუ დღეში 100 შეხვედრა. თითოეულმა დელეგატმა წინასაარჩევნო პერიოდში საშუალოდ 170 შეხვედრა ჩაატარა.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ" რამდენჯერმე ჩაატარა რეგიონული ღონისძიებები და „კარდაკარის" კამპანიები.

ოპოზიციას არც ერთი დელეგატი არ ჰყავდა და ასევე ე.წ. გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ოპოზიციას არ ჩაუტარებია საარჩევნო კამპანია ოლქებში, მათ შორის თბილისში, არ ჩასულა მარნეულში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ა.შ. ახლა კი გაკვირვებული არიან მხარდაჭერის ნაკლებობით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა შეადარა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საჩივრების რაოდენობა.

კერძოდ, 2024 წელს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პარტიებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიტანეს 1.170 საჩივარი, 2021 წელს – 1.840, ხოლო 2020 წელს – 2.054.

მან აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში (სულ 3111 უბანი) ოპოზიციის მხრიდან 25 ათასი ადამიანი იყო. ოპოზიციონერებმა მხოლოდ ცხრა უბანზე დააფიქსირეს შემაჯამებელი ოქმებისგან განსხვავებული აზრი.

დეზინფორმაცია №2 - ბიულეტენებით მანიპულაცია

კენჭისყრის დღეს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ბიულეტენის „სქრინი", თითქოს „ქართული ოცნების“ გასწვრივ არსებულ წრეში იყო წერტილი დასმული. ავტორმა იქვე განმარტა, რომ ამომრჩევლებს აძლევდნენ ზუსტად ისეთ ბიულეტენს, რომ ხმის მთვლელი აპარატი მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებს ითვლიდა.

ხმის მთვლელი აპარატები ისეა დაპროგრამებული, რომ ისინი ბიულეტენს მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლიან ნამდვილად, თუ ამომრჩეველი მონიშნავს ერთ პარტიას.

ზემოთაღნიშნული პოსტი, რომელიც 13:36 საათზე გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამას „საინფორმაციო თავდასხმა“ უწოდა, რომლის მიზანი იყო არჩევნების დღეს არეულობის გამოწვევა და არჩევნებისადმი ნდობის შელახვა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიულეტენების ხელით გადათვლისას არც ერთი ასეთი ბიულეტენი არ აღმოჩნდა და არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ამის შესახებ.

დეზინფორმაცია №3 - ამომრჩეველთა არასწორი რაოდენობა

პარლამენტის სპიკერმა თავდასხმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად დაასახელა მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომ სხვაობაა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობას შორის და საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შორის.

პაპუაშვილის თქმით, მაგალითად, თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა დარეგისტრირებულ ამომრჩეველზე მეტია. სწორედ ამიტომაც, მისი თქმით, არჩევნების დღეს თბილისის გასასვლელში იყო საცობები - ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიდიოდა რეგიონებში, სადაც იყვნენ რეგისტრირებული.

ზოგად ციფრებთან დაკავშირებით პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ იმ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ამომრჩევად კი იგულისხმება ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისი თქმით, „ტიკტოკსა“ და სხვა სოციალურ მედიაზე ხდება ვიდეოების სახით ამ დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც არაერთხელ იქნა მხილებული.

კერძოდ, ცესკოს მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3.508,294 მოქალაქეს, გავრცელებული დასკვნის ავტორი კი აცხადებს, რომ ეს არის 2.749.674.

დეზინფორმაცია 4 -აპარატურით მაქინაციები

პაპუაშვილის თქმით, დღემდე ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებულია და ამომრჩეველს ხმის მიცემა ორჯერ შეეძლო, ხოლო ხმის მთვლელი აპარატები სხვის ხმებს „ქართულ ოცნებას“ მიაწერენ.

პაპუაშვილის თქმით, , არჩევნებზე ამერიკული ტექნიკა იქნა გამოყენებული, აუდიტი კი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro v&v-მა ჩაატარა.

აუდიტის დასკვნა:

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.

ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.

აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

დეზინფორმაცია №5 - ეგზიტპოლები ცესკოს მონაცემების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები Edison Research და HarrisX ეგზიტპოლების გაყალბებაში დაადანაშაულა, რომელიც მათ ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიების - „ფორმულას" და „მთავარი არხის" მოთხოვნით ჩაატარეს.

Edison Research-ის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" ხმების 40,9% მიიღო, HarrisX-ის მონაცემებით - 42%, ანუ მათი ვერსიით მმართველმა პარტიამ არჩევნები წააგო.

თუკი რაიმე არის გამოსაძიებელი, მათ შორის საერთაშორისო რომელიმე ჯგუფის მიერ, ან თუნდაც იმ ქვეყნის მიერ, თუნდაც აშშ-ის, რამდენადაც ვხვდები ეს ორი კომპანია საიდანაც არის, აი ეს შეუძლიათ გამოიძიონ. რატომ გააყალბა Edison Research-მა და Harris-მა ეგზიტპოლები. რა დგას ამის უკან, დგას ამის უკან ფული, კორუფცია თუ პოლიტიკური კორუფცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან ურჩია ჟურნალისტებს დაინტერესდნენ, თუ რომელმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს საველე სამუშაოები Edison Research-ისა და HarrisX-სთვის არჩევნების დღეს. პაპუაშვილის თქმით, ამის გარკვევით ყველაფერი ნათელი გახდება.

სპიკერის თქმით, ამ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით სხვადასხვა აქტორები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ეს იყო დასტური თითქოს ეგზიტპოლი უფრო მართალია ვიდრე შედეგები. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილის გავრცელებაში. შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო თავისი სატელეფონო ზარებით და შემდეგ სხვა არხებიდან ვიგებთ ჩვენ. გვითვლიან, რომ მართლაც შეწუხებული არიან ქალბატონი სალომეს აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) უარს აცხადებს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებაზე.

არჩევნების შედეგების შეჯამებისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ მხოლოდ განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.

დეზინფორმაცია №6 - მანიპულაცია გადასატან ურნებთან დაკავშირებით

ოპოზიციური პარტია „ახალის“ თანადამფუძნებლის ნიკა მელიას ბრალდების პასუხად იმ ამომრჩეველთა გაბერილ რაოდენობაზე, რომლებიც საარჩევნო გადასატანი ურნებით სარგებლობდნენ და ამ თემით მანიპულირებაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკა მოიყვანა.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 64.238 ამომრჩეველს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 74.556 ამომრჩეველს, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 76.754-ს.

დეზინფორმაცია №7 - სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემა

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ე.წ. კარუსელების შესახებ. უფრო მეტიც, ამერიკული კომპანია Pro v&v-ის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა აპარატურით მანიპულირების შესაძლებლობა.

მისი თქმით, დეზინფორმაცია აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემას ცდილობდა. საქმე იმაში იყო, რომ ამ უბანზე ერთად მისულ დედა-შვილს ერთმანეთის პირადობის მოწმობები აერიათ, თუმცა, ეს რომ შენიშნეს, მაშინვე შეცვალეს.

გარდა ამისა, ვიდეო და ფოტოები, რომლებსაც წარმოადგენენ როგორც გაყალბების მტკიცებულება, არ არის მტკიცებულებას იმისა, რომ რეგისტრატორები ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდნენ სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით, განაცხადა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ბრალდებების თანახმად, ამომრჩეველმა რეგისტრატორს გადასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც დამაგრებული იყო ფურცელი სხვა ადამიანის პირადი ნომრით, რომელიც რეგისტრატორმა შეიყვანა ვერიფიკაციის აპარატში. ამით, კრიტიკოსების აზრით, აიხსნება თუ რატომ არ უშვებდნენ დამკვირვებლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან ახლოს.

დეზინფორმაცია №8 - ბიულეტენების ჩაყრა

პაპუაშვილის თქმით, არჩევნებზე მსგავსი სულ ორი ფაქტი მოხდა.

მარნეულის 22-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელს ხელში ეჭირა 20 ბიულეტენი და საარჩევნო ურნაში ჩაგდებას ცდილობდა, ხოლო მარნეულში, სოფელ სადახლოში 69-ე უბანზე ბიულეტენების შეკვრა საარჩევნო ურნაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნებიდან“ როვშან ისკანდაროვმა ჩააგდო.

№69 უბანი გაუქმდა და არჩევნების გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სადახლოში არჩევნების გაყალბების საქმეზე ორი პირი, მათ შორის ისკანდაროვი დააკავეს. მან მომხდარი ოპოზიციის პროვოკაციად შერაცხა.

დეზინფორმაცია №9 - ოქმებს შორის განსხვავება

სოციალურ ქსელებში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ერთი უბნის ორი განსხვავებული ოქმი.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ხმის მთვლელი აპარატიდან ამობეჭდილი ოქმი, ხოლო მეორე შემთხვევაში - აღნიშნულ საარჩევნო უბანზე სინქრონიზებული ოქმი, სადაც ყველა აპარატის შედეგები იყო დაჯამებული.

დეზინფორმაცია №10 - ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 23 სასამართლოდან მხოლოდ ერთმა დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში უბნების 60%-ის შედეგები ბათილად ცნო.

მმართველ პარტიაში აღნიშნული მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს იმის გათვალისწინებით, რომ მისი მეუღლე ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია, რასაც სოციალურ ქსელში მისი გვერდიც მოწმობს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელმაც სარჩელები ქვეყნის სხვადასხვა სასამართლოებში შეიტანა, აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.

როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.

პაპუაშვილის თქმით, თუ მსგავსი რამ შეფასდება კენჭისყრის ფარულობის დარღვევად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ლოგიკით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში, არჩევნები პოლონეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში უნდა გაუქმდეს.

პოლიტიკოსმა მტკიცებულების სახით აღნიშნული ქვეყნების არჩევნების ფოტოები წარმოადგინა.

დეზინფორმაცია №11 - ამომრჩევლის უკანონო მობილიზება

პაპუაშვილის თქმით, მხარდამჭერთა მონაცემთა ბაზების შედგენა და არჩევნებისთვის მათი მობილიზება საერთაშორისოდ აღიარებული პარტიული მუშაობის პრაქტიკაა.

მისი თქმით, ამის შესახებ დეტალურად არის საუბარი, მათ შორის, ამერიკული ორგანიზაციების - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სახელმძღვანელოებში, რომლებიც საქართველოში პარტიებისთვის ტრენინგებს ატარებდნენ.

მაგალითად, NDI-ის წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზების სახელმძღვანელოში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა შედგეს ამომრჩეველთა სიები, როგორ დაიყოს ისინი მხარდამჭერებად, ოპონენტებად და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებად და როგორ შენარჩუნდეს მათთან კავშირი. საჭიროა ორჯერ გადამოწმება იყვნენ თუ არა მხარდამჭერები არჩევნებზე და თუ არა, დაარწმუნოთ ისინი არჩევნებზე წასვლაში.

ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზების შექმნას სახელებით, ტელეფონის ნომრებით ურჩევს IRI-იც.

გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაცია ასევე ურჩევს პარტიებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდნენ მხარდამჭერებს და შეახსენონ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. კენჭისყრის დღეს IRI-ის რეკომენდაციაა, მოინახულონ მხარდამჭერები და შესთავაზონ დახმარება, მათ შორის ტრანსპორტით საარჩევნო უბანზე მისასვლელად.

დეზინფორმაცია №12 - პარტიული სიების ჩახსნა

პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებაზე და არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. როგორც ოპოზიციონერებმა განაცხადეს, ისინი ასეთ პარლამენტში მუშაობას არ აპირებენ და პარტიულ სიებს ჩახსნიან.

ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განმარტა, რომ ახალი პარლამენტის პირველ სხდომამდე პარტიული სიების გაუქმება შეუძლებელია. გარდა ამისა, პარლამენტის შეკრების შემდეგ სიის მხოლოდ ნაწილი შეიძლება ჩაიხსნას. პირობითად თუ პარტიამ გაიყვანა 15 კანდიდატი, სიის ჩახსნა შეუძლიათ მე-16 ნომრიდან.

პარლამენტში შესული პირებმა კი ინდივიდუალურად უნდა მიმართონ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება პარლამენტს გამოაქვს, განაცხადა პაპუაშვილმა.

დეზინფორმაცია №13 - პარლამენტი ვერ შეძლებს შეკრებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საქართველოს ახალი პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის როლი ამ საკითხში წმინდა ფორმალურია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზურაბიშვილი საბოტაჟს მიმართავს, კანონის თანახმად, პარლამენტი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათ დღეში მაინც შეიკრიბება - ცესკოს ვადა 21 ნოემბრამდე აქვს.

პარლამენტის პირველ სხდომაზე აუცილებელია მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება. ოპოზიციის არყოფნა არ იქნება დაბრკოლება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის, ვინც ამას სხვანაირად ხსნის, ან სულელია, ან მავნებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უარყოს თავისი მტკიცება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ახალი პარლამენტის მოწვევა შეუძლებელია.

თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უარს იტყვის აღნიშნული განცხადების უარყოფაზე, ამის გაკეთება შვედეთის საელჩოს მოუწევს, რადგანაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შვედეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელიც პოზიციონირებს როგორც დამკვირვებელი, რეალურად კი არის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი, ახლა ცდილობს წაახალისოს პარლამენტის საბოტაჟი.