საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ რომ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ბრიფინგს გამართავს, სადაც „ყველაფერი ცნობილი გახდება“.
„ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანობით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენი კოალიციაც და სხვებიც, ვინც აქ ვიყავით ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მე პირადად ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქ იმყოფებოდა. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს!
დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ, ჩვენ სამნი, შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით. იქნება კოალიციის ლიდერების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით განცხადებები, მაგრამ სამივე ტექსტი, სამივე პოზიცია არია შეთანხმებული. პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ შეთანხმებულად როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება, არც დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გვარამიამ.