საზოგადოება
ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ განცხადება

War558 აგვისტოს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების პირადი პიარპოლიტიკის შედეგად საქართველომ თავისი ისედაც მცირე მიწაწყლის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ერთი – ისტორიული სამაჩაბლო და მეორე – ხელისუფლებისგან ზემო აფხაზეთად მონათლული კოდორის,იგივე დალის, ხეობა. ესეც არ იკმარა და იმ დროს, როცა გარდაცვლილი ქართველი და ოსი ადამიანების ცხედრები ჯერ კიდევ გაცივებულიც არ იყო, 12 აგვისტოს გამარჯვებისადმი მიძღვნილი კონცერტი და ტაშ-ფანდური გამართა რუსთაველზე. დღეს რუსეთის ჯარები საქართველოს მიწაწყალზე დგანან და დაკარგულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს  საქართველოსგან ჩამოცილება ემუქრება.

ქალთა  სამოქალაქო  მოძრაობა „თამარიონი“ გმობს ყველანაირ ძალადობას, მითუფრო, ომს, რომელსაც ორივე მხრიდან  ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა. თვლის, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ურთიერთობის მოგვარების გასაღები თავად ამ ხალხების ხელშია. გმობს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას, რომელმაც საქართველო უთანასწორო ბრძოლაში ჩაითრია, რასაც უდიდესი შეცდომები მოჰყვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომხდარის გამოსწორება შესაძლებელია და მომავალში საქართველოს ახალი ხელისუფლება სწორი მეზობლური პოლიტიკის გატარების საფუძველზე მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას.