საერთაშორისო კრიზისჯგუფის მტკიცებით, საქართველო მზადაა, რუსეთს საშუალება მისცეს, ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭის ოლიმპიადის მშენებლობისთვის ტვირთების გადასაზიდავად გამოიყენოს. ჯგუფის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა.
კრიზისჯგუფმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი: სწავლობენ მეზობლურ თანაცხოვრებას“, რომელშიც ორ ქვეყანას შორის ომის შემდგომ არსებული ვითარებაა მიმოხილული.„საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანმა კრიზისჯგუფს განუცხადა, რომ საქართველო რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში მზადაა, განიხილოს შესაძლებლობა, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გავლით რუსეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნისა, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭში ოლიმპიური თამაშებისთვის მიმდინარე მშენებლობებისთვის სამშენებლო მასალების გადასაზიდავად გამოიყენონ. ეს რუსეთს თამაშების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სუსტი მხარის დაძლევაში დაეხმარებოდა – მოსკოვი ამ მიზნისთვის ახლა ნოვოროსიისკის პორტსა და რკინიგზას იყენებს. თუმცა მხარეებს ამ საკითხის განხილვისას აფხაზეთის სტატუსისთვის გვერდის ავლა და სავიზო რეჟიმსა და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით ინოვაციური გადაწყვეტის გზების ძებნა მოუწევდათ“, – ნათქვამია 20-გვერდიან დოკუმენტში.
აქვე ხაზგასმულია, რომ საომარი მოქმედებებიდან სამი წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა „გაყინულია“ და მათ შვეიცარიული მხარის შუამავლობით მხოლოდ შეზღუდული კავშირი აქვთ. „ამასთან, რუსეთსა და საქართველოს საერთო ინტერესებიც აქვთ რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლების, ვაჭრობის გააქტიურებისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მიმართულებით. მათ სწორედ ამ საკითხების განხილვით უნდა დაიწყონ, ბრალდებებისა და მტრული გამოხტომების გაცვლის ნაცვლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საქინფორმი