სამართალი
შემოსავლების სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტს ნერგავს

shemos.samsaxurროგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა გოგიჩაძემ განმარტა, საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადასახადების გადამხდელების დახმარება და პრობლემების მოგვარების კუთხით კონსულტაციის გაწევა იქნება. მისი თქმით, საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით განაწილდებიან და ყოველდღიურად ფეხით ან საჯარო ტრანსპორტით შემოივლიან უბანს, შეხვდებიან გადამხდელებს და საჭირო დახმარებას გაუწევენ მათ.

„კონსულტირების პარალელურად, უბნის საგადასახადო ოფიცრები მეწარმეებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმებსაც გააცნობენ. გარდა ამისა, საგადასახადო ოფიცრები გადამხდელების შეკითხვებსაც უპასუხებენ და პრობლემების გადაჭრაში ობიექტიდან გაუსვლელად დაეხმარებიან. გადამხდელებს ადგილზევე შეეძლებათ რამდენიმე მომსახურების მიღება, რაც აქამდე მხოლოდ სერვისცენტრებში იყო შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ უბნის საგადასახადო ოფიცრები თავად მივლენ გადამხდელებთან, თითოეულ მეწარმეს ექნება მათი პირადი ტელეფონის ნომერი“, – აღნიშნა გოგიჩაძემ.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე ითქვა, უბნის საგადასახადო ოფიცრის ფუნქციაში არ შედის მოქალაქეთა დაჯარიმება, ოფიცერი ორიენტირებული იქნება მხოლოდ მეწარმეთა კონსულტაციაზე, მათ დახმარებაზე და შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილებით. გადამხდელს შეეძლება ნებისმიერი საკითხის განხილვა მასთან. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ამას არ მოჰყვება საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი პირველად ამოქმედდება თბილისში, შემდეგ კი ყველა დიდ ქალაქში. საწყის ეტაპზე პროგრამაში 80 ადამიანია ჩართული. გადამხდელებთან სწორი ფორმით ურთიერთობისთვის უბნის საგადასახადო ოფიცრები შესაბამის ტრენინგებსაც გაივლიან.

 

საქინფორმი