პუბლიკაციები
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მინდა, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი.

„ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ მომავალში ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.

„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

„მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ შეგიძლიათ, დაიცვათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.