აქტუალური
სერგეი ლავროვი: რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროს საკითხების განხილვის შესაძლებლობა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში, 3+3-ის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლავროვის თქმით, საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია დარჩება.

ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის საქმიანობაში. თბილისთან გვაქვს კონტაქტები. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ, შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, „3+3“ ფორმატი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა. მასში სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, ასევე, ირანი, თურქეთი და რუსეთი შედიან. ინიციატივა ერდოღანმა პირველად 2020 წელს გააჟღერა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, ხოლო მეორე – 2023 წელს თეირანში. საქართველო არცერთ შეხვედრას არ დასწრებია. მოლაპარაკებებში საქართველო ამჯერადაც არ მიიღებს მონაწილეობას.