პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „სამწუხაროდ, ეკლესიისა და პატრიარქის პასიურობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ განხეთქილების და გახლეჩის ზღვარზე ვდგავართ!“

CHACIA

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია გვესაუბრება:

ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრას, თუ იცით, რა განწყობაა ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის სახელისუფლო წრეებში?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეხვედრა იყო ძალიან თბილი, ძმური და მეგობრული, რუსეთის სახელისუფლო წრეებშიც ძალიან დადებითი დამოკიდებულებაა ამ ურთიერთობების მიმართ, თუმცა ძნელია საუბარი იმაზე, რომ ამ შეხვედრას რაიმე რეალური შედეგები მოჰყვეს.

რუსეთის პატრიარქი აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ცნობს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში. ეს ამ შეხვედრაზეც ხაზგასმით აღინიშნა. როგორ ფიქრობთ, გაბედავდა რუსეთის პატრიარქი ამის ასე ხაზგასმით აღნიშვნას, რომ არა რუსეთის ხელისუფალთა ნება?

– ხელისუფლება არაფერ შუაშია, ეს არის წმინდა მართლმადიდებლური მიდგომა. ჯერ ერთი, რომ რუსეთის ეკლესიას გააჩნია განსაკუთრებული ურთიერთობები საქართველოს ეკლესიასთან. მეორე და მთავარი – დღეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში არის განსაკუთრებული შეტევის ობიექტი, ამიტომ მართლმადიდებლური ძალების გაერთიანებას და ერთ პლატფორმაზე დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი, ისე რუსეთის ეკლესიისთვის.

მე ძალიან მაშფოთებს მართლმადიდებლობის მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში. უბედურება ის არის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეკლესიების საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში დატოვებას ჩვენთვის რეალური შედეგი არ მოაქვს. საჭიროა ჩვენი ეკლესიის უფრო მეტი აქტიურობა, რაც ნამდვილად აკლია მას. როგორ გგონიათ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ისე, რომ აფხაზეთში, გნებავთ, ცხინვალში მრევლს მოძღვარი არ ჰყავდეს? ეკლესიას მღვდელი არ ჰყავდეს? სწორედ ჩვენ, ქართველმა საზოგადოებამ, ქართულმა ეკლესიამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და მივაღწიოთ იმას, რომ ქართველ მღვდელს შეეძლოს ამ ტერიტორიებზე ჩასვლა, წირვა-ლოცვის ჩატარება. ამ შემთხვევაში აქვს აზრი რუსეთის საპატრიარქოს მიერ იქ საქართველოს იურისდიქციის აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. აფხაზეთში უკვე ამბობენ, რუსეთის ეკლესია ჩვენ არ გვეხმარება, ქართული ეკლესიის არაფერი გვინდა და მივმართოთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, ვიყოთ მათი წარმომადგენლებიო. ეს არის ძალიან საშიში რამ და მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგი, თუ ქართული ეკლესია დროულად არ წავიდა უშუალო კონტაქტებზე. თუმცა ამაში ეკლესიას ხელისუფლების დახმარება სჭირდება!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქთან აფხაზეთში ჩასვლის შესახებ ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხო იქნება მისი უწმიდესობის ჩაბრძანება აფხაზეთში და, საერთოდ, არის კი ეს შესაძლებელი?

– დღევანდელ ვითარებაში მისი უწმიდესობის ჩაბრძანება აფხაზეთში არის აბსოლუტურად გამორიცხული. რუსეთის პატრიარქი ვერ უზრუნველყოფს ამას. ეს უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის ხელისუფლებამ, სასულიერო პირებმა და აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანმა, ავტორიტეტულმა ნაწილმა. სხვანაირად, თუნდაც პატრიარქ კირილეს თხოვნითა თუ მითითებით, ეს არ მოხდება.ამას სჭირდება სერიოზული მომზადება – ჯერ უნდა იყოს მოლაპარაკება არაოფიციალურად, მერე უნდა ჩავიდეს მღვდელმსახურთა ჯგუფი რომელიმე მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით და მომზადდეს საფუძველი მისი უწმიდესობის ჩაბრძანებისთვის. სხვათაშორის, ამ წინადადებით მე არაერთგზის მივმართე ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას, მერე – სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ არც მაშინ აინტერესებდათ და არც ახლა აინტერესებთ უშუალო ურთიერთობის დამყარება აფხაზურ მხარესთან, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნებას მიზნად არ ისახავს!

თქვენ ბრძანეთ, რომ მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში და საქართველოში არის განსაკუთრებული შეტევის ქვეშ. ვისი მხრიდან ხორციელდება ეს შეტევა და რა ხდება საქართველოში ამ მხრივ?

– ამერიკელები არ მოითმენენ მართლმადიდებლობის გაძლიერებას საკუთარ კოლონიაში. ვერცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ამერიკელები ვერ დამკვიდრდნენ, იმიტომ, რომ მართლმორწმუნე ხალხისთვის მიუღებელია მათი ღირებულებები. ამერიკის მიზანია, რომ ხალხის მენტალობა შეიცვალოს, ამიტომაც მუდმივად საუბრობს სააკაშვილი ამის თაობაზე. ზბიგნევ ბზეჟინსკი ღიად აცხადებდა, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკას ერთი მტერი დარჩებამართლმადიდებლობაო. ამიტომ არის დღეს ყველაზე დიდი შეტევა მართლმადიდებლობაზე. კოსოვოში ნატოს ჯარის შესვლის შემდეგ 200-მდე მართლმადიდებლური ტაძარი დაინგრა. ხომ ნათელია, რა ხდება?

საქართველოში ეს პროცესი დაიწყო შევარდნაძის დროს. ჯერ მიმდინარეობდა ფარულად: შემოვიდნენ იეღოველები, სხვა სექტები, დაიწყეს მართლმადიდებლური ღირებულებების დაცინვა, მათ „ჩამორჩენაზე“ ალაპარაკდნენ. მე მაშინ საუბარი მქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ვუთხარი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა ძალიან ძლიერად შეუტევდნენ ჩვენს ეკლესიას. ისიც მოვახსენე, რომ ამ ყველაფრის მიზანია მართლმადიდებლობის მოსპობა საქართველოში, განხეთქილების შეტანა ეკლესიაში. პატრიარქმა მითხრა, რომ ეკლესია საერო საქმეებში არ ერევა. ვფიქრობ, როდესაც ერი იღუპება, მაშინ ეკლესია უნდა ჩაერიოს საერო საქმეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, რისთვის გვიბოძა უფალმა ეკლესია?! სამწუხაროდ, ეკლესიისა და პატრიარქის პასიურობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ განხეთქილების და გახლეჩის ზღვარზე ვდგავართ.

მე პირადად არ ველოდი, რომ ეკლესია ასე გულგრილად დათანხმდებოდა კანონს რელიგიური ჯგუფებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. მართალია, არის ცალკეულ მღვდელმსახურთა პროტესტი, პატრიოტული ძალების აღშფოთება, მაგრამ როგორც ერთიანი ძალა, ეკლესია არ გამოსულა. ამერიკელებისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს უკვე იმის ნიშანია, რომ შესაძლებელია, უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენონ ქართულ ეკლესიას და საბოლოოდ გახლიჩონ.

რისთვის იყო საჭირო ამ კანონის მიღება ასე უცებ? როგორც ამბობენ, ეს გაკეთდა სომხური ეკლესიისთვის. ამ კანონის მიღებას ხომ წინ სომხეთის პატრიარქის ვიზიტი უძღოდა საქართველოში...

– ეს გაკეთდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნგრევისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში მართლმადიდებლურ ღირებულებებს მომავალი არ ჰქონდეს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ვერ გახდეს ავტორიტეტული ძალა. რისთვის მიიღეს ასე უცებ ეს კანონი? ამას რომ წინა მოსამზადებელი პერიოდი ჰქონოდა, ასე იოლად ვერ ჩაივლიდა, ამას მოჰყვებოდა დიდი აღშფოთება, საპროტესტო ტალღა. ამიტომაც წამოატივტივეს რამდენიმე სკანდალური თემა, რითაც ამ საკითხის გადაფარვას შეეცადნენ. გამოუვიდათ კიდეც!

ზუსტად ამ პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ქართველი ფოტორეპორტიორები, რომლებიც პირობითი სასჯელით გამოუშვეს, თუმცა, შსს- განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუში საქართველოში კიდევ ბევრია და მოუწოდა მათ, საკუთარი ნებით გამოცხადდნენ პოლიციაში. რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ ფოტორეპორტიორების ბრალდება და მართლა ასეთი ძლიერია საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელი?

– მე ამ ყველაფერზე მეცინება! მახსოვს, ვიღაც გალელი კოჭოია გამოცხადებული იყო ჯაშუშად. ამაზე იცინოდა მთელი სამეგრელო და მთელი გალი. ქართული სპეცსამსახურები უკვე გადავიდნენ ზღვარს და აღარ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დამაჯერებელი იყოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ფოტოგრაფები რუსეთის აგენტები ყოფილან და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენი ამერიკელი აგენტი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებაში, რამდენი თურქი აგენტი მუშაობს აჭარაში!

თურქი აგენტი?

– დიახ, თურქი აგენტი! როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გადავარჩინოთ დაშლას, რას ვგულისხმობთ? პირველ რიგში, აჭარას! აჭარა, პრაქტიკულად, დაკარგულია. თურქები აჭარიდან აღარ გავლენ, იმიტომ, რომ იქ ჩადებული აქვთ ძალიან დიდი კაპიტალი. ამ რეგიონს უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის. ათასობით თურქი უკვე მუდმივად ცხოვრობს ბათუმში და ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ პროცესისთვის ხელის შეშლა შეუძლია, არის რუსეთი, იმიტომ, რომ თურქეთს რუსეთთან გარკვეული ისტორიული შეთანხმებები აქვს. დღევანდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რუსეთი ამაში არ ჩაერევა. რაც შეეხება ამერიკას, მისთვის თურქეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი მუსლიმანურ სამყაროში, ამიტომ შეერთებული შტატები არ შეეწინააღმდეგება თურქეთს ექსპანსიის გაძლიერებაში. დიდი ტრაგედია დაიწყება სწორედ აქედან! ასე რომ, ძალიან ბევრია ისეთი პრობლემა, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფოტოგრაფების დაჭერა და აგენტებად გამოცხადება.

მეტსაც გეტყვით. თურქეთი აუცილებლად შეეცდება, რომ აფხაზეთი იყოს აღიარებული დამოუკიდებელ ქვეყნად, ვინაიდან თურქეთს არ აწყობს ამ რეგიონში რუსეთის მონოპოლია. ამერიკა ამასაც არ შეეწინააღმდეგება.

ერთსაც გეტყვით და დაიმახსოვრეთ: არჩევნებშინაციონალური მოძრაობისგამარჯვების შემთხვევაში დაიწყება პროპაგანდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის თაობაზე. ხელისუფლება დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ამის გარეშე ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ახლა ვაღიაროთ აფხაზეთი, მერე ნატო და ევროკავშირი დაგვეხმარებიან მის დაბრუნებაშიო.

სხვათაშორის, მოსაზრება აფხაზეთის აღიარების შესახებ უკვე გახმიანდა ექსპერტ მამუკა არეშიძის მიერ. ის ამბობს, რომ ამით შესუსტდება რუსეთის გავლენა აფხაზეთზე...

– შეიძლება, ეს მისი გულწრფელი მოსაზრებაა. მე გარწმუნებთ, რომ ასეთი კამპანია აუცილებლად დაიწყება არჩევნების შემდეგ, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის დამყარების საშუალებების ძებნა, მეტიც, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუარესდეს. არის უამრავი დაპირება და ამ დაპირების პარალელურად დემონსტრირება იმისა, რომ არაფერი გამოდის. მათ უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის გადაწყვეტა. საუბედუროდ, ეს არ იწვევს საყოველთაო აღშფოთებას. ასე რომ, აფხაზეთის აღიარების საკითხიც მშვიდად ჩაივლის და შემდეგი რეგიონი არის აჭარა!

ახლა ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. რატომ ვერ ერევა ოპოზიცია სააკაშვილს მაშინ, როცა ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილება ძალიან დიდია? თქვენი აზრით, რა პერსპექტივები აქვთ ოპოზიციურ ძალებს?

– უბედურება ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია ქვეყნის განვითარების ხელისუფლებისგან განსხვავებული, ალტერნატიული მოდელი. ხალხი ამას ხედავს და ამიტომ ეს ოპოზიცია არ სარგებლობს ავტორიტეტით. ქართველი პოლიტიკოსები დგანან ცუდ გზაზე, ისინი ეძებენ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერას. მათთვის მთავარი პერსონა არის აშშ-ის ელჩი საქართველოში. დიახ, ეს არ არის რეალური ოპოზიცია, ისინი, უბრალოდ, ამერიკის ელჩს ეუბნებიან, ჩვენ უკეთ გავაკეთებთ იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ამიტომაც მიგვიშვით ხელისუფლებაშიო... ამ მოედანზე თამაში წამგებიანია ოპოზიციისთვის, რადგან იმას, რაც მოსწონს ამერიკის ელჩს, შესანიშნავად აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ამერიკელები არ არიან დარწმუნებული, რომ ოპოზიცია უკეთ გააკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებს. მათ ჯერჯერობით აწყობთ სააკაშვილი, მაგრამ როდესაც დაინახავენ, რომ ხალხისთვის მიუღებელია ხელისუფლება, რადგან ყველა ზღვარს გადავიდა, უმალ შეცვლიან, ანალოგიურს მოიყვანენ, ხოლო სახალხო ძალა ვერ დაუპირისპირდება, ვინაიდან ხალხის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არსებობს!

ოპოზიციას არ აქვს და არც ექნება ხალხის მხარდაჭერა, სანამ ის არ ჩამოყალიბდება ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად და არ დადგება ეროვნულ საწყისზე. ერთადერთი, რაც დღეს საქართველოს გადაარჩენს, ეს არის ეროვნულ ნიადაგზე მყოფი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირში. აი, ამაში ვხედავ ერთადერთ გამოსავალს!

სახიფათო პერსპექტივებს ხატავთ...

– როცა წლების წინათ პრობლემებს ვიხილავდი თქვენს კოლეგებთან ერთად, მაშინაც ამას მეუბნებოდნენ, რომ სახიფათო პერსპექტივებს ვხატავ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი განხორციელდა. მე ყველაზე მეტად მაშინებს საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება, საზოგადოება საქართველოში უკვე აღარ არსებობს, ქართული ეროვნული ინტელიგენცია აღარ არსებობს. აი ეს არის ძალიან საშიში და, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა!!!

 

ესაუბრა თეა ასათიანი

www.asavali.ge