საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 15 დღე დარჩა და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი დღესასწაულად ნამდვილად არ იქცევა. ეს არის გამოცდა: საქართველო - სახელმწიფოა, თუ ტერიტორია; ქართველი ხალხი - საზოგადოებაა, თუ მოსახლეობა; საქართველოს ხელისუფლება - დამოუკიდებელია, თუ მარიონეტული.
„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს არც შიდა და არც გარე მოკავშირეები, ხოლო ოპოზიციის მოკავშირეა ევროკავშირი და ამერიკა, რომელიც, მიუხედავად ჭკუასუსტი მმართველებისა, კვლავაც რჩება მსოფლიოს პირველ ეკონომიკად. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამერიკასთან დაპირისპირების პირობებში?
კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სახელმწიფოს განვითარების ახალი კონცეფცია. უწინდელი პოლიტიკა, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ითვალისწინებს უალტერნატივო ევროატლანტიზმს, დამღუპველი აღმოჩნდა - როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, ხოლო ახლის გამოცხადებისთვის დღეს არ არის არც დრო, არც კადრები და არც პოლიტიკური ნება. „არა რუსეთთან ომს“ - კონცეფცია კი არა, დეკლარაციაა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ იგივე მოლაპარაკე თავები დეკლარირებენ, რომლებიც 12 წლის განმავლობაში ლოცულობდნენ დასავლეთზე და რუსეთს დღემდე ოკუპანტს უძახიან, ამიტომ ხალხი მათ არ ენდობა. ასე ჩამოიცილა ნაცნობობისა და სიმდიდრის მიხედვით დაკომპლექტებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთგული მხარდამჭერების ელექტორატი, რომელიც 26 ოქტომბერს იძულებული იქნება ხმა კონსერვატორთა გაერთიანებას მისცეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 12 წელი გაურბოდა პროფესიონალებს და პატრიოტებს მათი თეზისების გამო, რომლებზეც დღეს უცერემონიოდ ააგო საკუთარი საარჩევნო კამპანია, ხოლო ხუხაშვილი-გახარია-ბესელია-მარგველაშვილი-ზურაბიშვილი გადამგდებები აღმოჩნდნენ!
ნორმალური არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები ძალაუფლებისთვის ცივილიზებულ ბრძოლაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, საქართველოში არჩევნებში ტრადიციულად და არაოფიციალურად ერევა გარე სუბიექტი - დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში შეერთებული შტატები და ევროკავშირი განსაკუთრებით აგრესიულად და დემონსტრაციულად ერევიან, რადგან მის შემდეგ (ისევე როგორც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ) გეგმავენ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლას არაკანონიერი რევოლუციური გზით. აშშ-ის საელჩომ უკვე რეკომენდაცია მისცა თავის თანამშრომლებსა და საქართველოში მყოფ ამერიკელებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ხალხმრავალ ადგილებში, მოერიდონ მიტინგების გამართვის ადგილებს და თვალყური ადევნონ ადგილობრივი მედიის ცნობებს.
როგორც არ უნდა წარიმართოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, გამოტყდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 10 დღის შემდეგ - 6 ნოემბერს, ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. რობინ დანიგანის თქმით, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ამ საკითხში უპრეცედენტო ერთობაა - "ქართული ოცნების" უკონტროლო ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - უნდა განზავდეს ოპოზიციით მართვადი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
ხელისუფლება, აშშ, ოპოზიცია - ასე ჩამოყალიბდა "ბერმუდის სამკუთხედი", რომელშიც ივანიშვილის მილიარდების კვალდაკვალ იოლად შეიძლება გაქრეს საქართველოცა და ქართველი ხალხიც!
რას აბრალებს აშშ ბიძინა ივანიშვილის მმართველ პარტიას?
1 - „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას;
2 - „ქართული ოცნება“ არღვევს ლგბტკი+ ადამიანების უფლებებს ჰომოსექსუალური ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებით;
3 – „ქართული ოცნება“ ახდენს უცხოელი აგენტების ლუსტრაციას კანონის მიღებით, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს მოახდინონ გრანტების დეკლარირება, თუ ისინი შემოსავლის 20%-ზე მეტს შეადგენს.
შეერთებული შტატების ზემოაღნიშნული სამი პრეტენზია შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულად და ოფიციალურად „შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ვაშინგტონში 2008 წლის 9 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რადგან ამ ქარტიის დებულებები ითვალისწინებს საქართველოსა და შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო პოლიტიკის სრულ შესაბამისობას. მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ მოისურვა ზემოაღნიშნული ქარტიის დენონსირება, არამედ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 თავის 78-ე მუხლი „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“: ”კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომები ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
დღესაც კი, საქართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს, სურს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის დარტყმის არიდება და აცხადებს, რომ 1 - მათ კი არ სურთ საქართველოს და ქართველების განადგურება, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის იძულებით; 2 – ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალებად და ქართული ოჯახების – ერთსქესიანებად გადაკეთება მათ კი არ სურთ; 3 – მათ კი არ უნდათ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლების დამხობა; 4 – მათ კი არ უნდათ მისი გაძარცვა, არამედ მავან „გლობალური ომის პარტიას“, რომელსაც თითქოსდა დიდი გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე. მაგრამ რუსოფობიური ციებ-ცხელებით შეპყრობილი აშშ - ოღონდაც შეცვალოს "რუსი ოლიგარქისა" და მისი პარტიის ხელისუფლება! - ივანიშვილს არ აჰყვა: "აშშ-ის ხელმძღვანელობაზე გლობალური ომის პარტიის გავლენის შესახებ საუბარი ყოველგვარ ჭეშმარიტებას მოკლებული უცნაური შეთქმულების თეორიაა", - განაცხადა ამერიკელმა ელჩმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, უწოდა რა „გლობალური ომის პარტიას“ „არნახული ძალა“, ხოლო ივანიშვილის და საქართველოს პარტიისა და ხელისუფლების უმაღლესი ლიდერების განცხადებებს - დეზინფორმაცია.
იმავე ინტერვიუში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასთან „კომუნიკაციის“ დროს ნათლად მიანიშნა, რომ უარი თქვა საქართველოში ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენთან შეხვედრაზე იმის გამო, რომ „მისი პირადი ქონება დააყადაღეს“.
მანამდე, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა მოკლე კომენტარი მილიარდერის სასამართლო დავასთან მიმართებაში შვეიცარიულ ბანკ „Credit Suisse“-თან: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის. რატომ უყვება ქართველებს სხვა ამბავს?!“. ივანიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ფინანსური შანტაჟის შეწყვეტამდე“ უარს ამბობს ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებთან შეხვედრაზე, რადგან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანზე ძალიან მაღალია.
იმისათვის, რომ პირადად აეხსნათ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს მისი და ამერიკის საწინააღმდეგო, ვაშინგტონში გაგზავნეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) - რომელიც კაპიტოლიუმზე უცხო ნამდვილად არ არის - უფრო პოლიტიკოსი, ვიდრე სასულიერო პირი, რომელიც ფლობს საქმეების გარჩევის უნარს. როგორც ჩანს, კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი მდივნის საათმა ჩამოკრა - მეუფე იაკობი, რომელიც არავის ცნობს ილია მეორეს გარდა და აქვს ამბიციები, გახდეს პატრიარქი, განაწყენდა, როცა პატრიარქის თანამესაყდრედ გამოცხადდა არა ის, არამედ მეუფე შიო (მუჯირი), მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და ტიხონოვსკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და აღმსარებელი....
დაკარგავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სამ მილიარდ დოლარს, რომელიც საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯა, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მინისტრის, პარლამენტარის, მერისა და ბიზნესმენის გადაჭარბებული ამბიციების, სიხარბისა და სიბრიყვის გამო, რომლებმაც სახელისუფლებო პარტიის იმიჯს იმაზე მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ?
დაუბრუნებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის მიერ მისგან ექსპროპრირებული მილიარდამდე დოლარი?
უღალატებს თუ არა „ქართული ოცნება“ თავის ღირსეულ აქტივს - უბრალო ადამიანებს, რომლებიც დღეს, ისევე როგორც ბოლო 12 წლის მანძილზე, თითქმის შიშველ ენთუზიაზმზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ?
ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მაგალითად, რატომ არ იწვევენ საქართველოში ევროპის ქვეყნების საელჩოები, პირველად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ისტორიაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიღებებზე თავიანთ ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხოლო დასავლეთის დიპკორპუსის ყველა ელჩი გამოსვლებს იწყებს „ქართული ოცნების“ კრიტიკით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების „დევნის“ გამო? სად არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება?
ან რატომ გახდა საჭირო უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც პრაქტიკულად უკვე მეორედ შეჩერდა? წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ ჯარიმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია შეუვსებელი დეკლარაციებისთვის? უფრო მეტიც, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციების „დეკლარირებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნობის შესახებ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, აქაოდა, ისედაც ვიცით, რომ ისინი უცხოეთის აგენტები არიან და გრანტებს იღებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვისო (?!).
ამიტომ, მოახლოებული არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია, მაგრამ არა „საქართველო - დასავლეთთან, თუ რუსეთთან“ საკითხზე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. 26 ოქტომბერს საბოლოოდ გაირკვევა, რამდენი კაცი, ქალი და გენდერია საქართველოში. თუ მეტი ჰეტეროსექსუალი კაცი და ქალია, მაშინ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, ხოლო თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, რომელსაც დასავლეთი ლობირებს, მაშინ საქართველო დამარცხდა, გაიზიარა იმ ქვეყნების ბედი, სადაც დაკანონდა დასავლური სტანდარტები, კერძოდ, გენდერული მრავალფეროვნება.
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 11 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი