აქტუალური
ირაკლი ალასანია: „კავკასიაში მდებარე საქართველო ცვლილებების გზაჯვარედინზეა“

alasania_irakliროგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „The Washington times“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ „საპროტესტო აქციების გარეშეც, საზოგადოება უაღრესად პოლარიზებულია, რაც იწვევს არეულობებს, რომელიც აღარ შეჩერდება, სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება და  საბოლოოდ არ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმები“.

„მე კარგად ვიცნობ ამ ხელისუფლებას და მის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ამ მთავრობის უუნარობამ – გაიზიაროს განსხვავებული შეხედულებები, ჩემი ქვეყანა რუსეთთან იმ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა, რომლის მოგების შანსიც არ გვქონდა. მაგრამ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც გრძელდება. ჟურნალისტები აპროტესტებენ ჯაშუშობის ბრალდებით სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის დაპატიმრებას, რომელმაც პოლიციის სისასტიკე ფირზე აღბეჭდა. ეს 26 მაისის აქციაზე ოთხი მომიტინგის მკვლელობის შემდეგ ხდება. ამ უაზრო სადამსჯელო ღონისძიებებიდან  გამოსავალი არის ორი. პირველი არის ის, რომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი გზით ძალაუფლების გადაცემის უკეთესი მექანიზმი. შესაბამისი საარჩევნო რეფორმის გარეშე სააკაშვილის ავტორიტარიზმი უკონტროლო გახდება. ქართველ ხალხს კი მეტი ასე ცხოვრება აღარ შეუძლია. და მეორე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა გახდეს დაცული“, – აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, „ქართველებმა იციან, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მხოლოდ ცნებები არსებობს და ისინი იმედგაცრუებული და გაოგნებული არიან ქვეყანაში მომხდარი უახლესი მოვლენებით“.

 

საქინფორმი