საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

manjgaladze2რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ მიცემული ინტერვიუს დროს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაჩნდა და ამ შეკითხვებით საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არაერთმა ჟურნალისტმა მიმართა. ამის გამო, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა საჭიროდ მიიჩნია მოკლე კომენტარის გაკეთება.

„საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ცინიკურად ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორცილებულ ეთნიკურ წმენდას,  სამხედრო აგრესიას, ოკუპაციას. საგულისხმო იყო მედვედევის  ფრაზა, რომლის თანახმად, 2008 წლის  აგრესიით, ოკუპაციითა და ეთნიკური წმენდით რუსეთმა გაკვეთილი ჩაუტარა   არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც.

პრეზიდენტმა  მედვედევმა   აბსოლუტურად  უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა იმ  სერიოზული მტკიცებულებებით გამაგრებულ ბრალდებებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების მოწყობასთან არის დაკავშირებული. პრაქტიკულად, მან დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ გამოუძიებია და არც აპირებს გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობ,  ნათელია, რასთან გვაქვს, ამ შემთხვევაში, საქმე. ჩვენ კვლავ მოვისმინეთ ცივი ომის დროინდელი ფრაზები, დასავლეთის შეთქმულების თაობაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. ყოველივე ეს იწვევს საქართველოსა და არა მარტო საქართველოს შეშფოთებას. სამწუხაროა, ასევე, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ამ ფორმით საუბრობს არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა მეზობლებზე, მათ სახელმწიფოებრიობაზე და პარტნიორი ქვეყნების მიმართ ავლენს სრულ უპატივცემულობას.

რუსეთთან ცივილიზებული, მეგობრული ურთიერთობა გვსურს, მაგრამ  ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ნებას, მის თავისუფლებას და ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს აიღებს საბჭოთა იმპერიის ამა თუ იმ ფორმით აღდგენის ფუჭ მცდელობაზე", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.