სამართალი
პრემიერი: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებით.

ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უკვე 2028 წლისთვის 90%-გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.