პუბლიკაციები
რობინ დანიგანი: სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. „ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი უცნაური შეთქმულების თეორია“ - ეუბნება რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამერიკელი დიპლომატი ლაპარაკობს აშშ-ის საელჩოსთან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობებსა და შინაარსზე, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ, სანქციების დაწესების საფუძვლებსა და პრინციპზე: „სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა“. რობინ დანიგანი განმარტავს იმასაც, რომ აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

რადიო თავისუფლება: ელჩო დანიგან, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუდიაში სტუმრობისთვის. მსურს დავიწყო ორმხრივ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთბებზე, მის სტატუსზე საუბრით. როგორ აღწერდით ამ ურთიერთობებს დღეს: სანქციების, შეჩერებული პროგრამების, აშშ-ის მაღალჩინოსნებთან საქართველოს პრემიერმინისტრის გაუქმებული ან უარყოფილი შეხვედრების ფონზე. რას დაარქმევდით ამ ურთიერთობებს?

რობინ დანიგანი: გმადლობთ, ნინო, გმადლობთ კვლავ მასპინძლობისთვის. დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც ჩამოვედი. მომავალ კვირაში შესრულდება ერთი წელი და ჩემი პირველი ინტერვიუ თქვენთან მქონდა. ასე რომ, სასიამოვნოა კვლავ თქვენთან ყოფნა. სწორია, ამ კითხვას რომ სვამთ - როგორ დავახასიათებდი ჩვენს ურთიერთობებს, ვინაიდან ჩემთვის უკიდურესად დასანანი და ღრმად დამამწუხრებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა დაძაბულია, საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. ვიტყოდი აგრეთვე, რომ ევროკავშირიც დაახასიათებდა თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან როგორც დაძაბულს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი ფაქტობრივად გაყინულია. მსურს, გავიმეორო, რომ ეს არ არის ის, სადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ. აქ საქმიანობას შევუდექი დიდი, ამბიციური გეგმებით, რომლებიც ეხებოდა: ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაზრდას, სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ნაწილის შეჩერება მოგვიწია, მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთ სპეციფიკური მოქმედების გამო.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რომელი მოქმედებების? აგრეთვე, როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე, უფრო აშკარაა, ვინაიდან გაცხადებულია, რომ ინტეგრაციის პროცესი გაყინულია და საჭიროა გარკვეული ცვლილებები იმისათვის, რომ ეს პროცესი რაღაც ხანში ისევ დაიძრას. თქვენ კონკრეტულად რა მოქმედებებს გულისხმობთ, რაც ზეგავლენას ახდენს ამ ურთიერთობებზე, ძაბავს მათ? აგრეთვე მაინტერესებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სტატუსი.

რობინ დანიგანი: ვიტყოდი, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა: ანტიდემოკრატიული მოქმედებების წყების განხორციელებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონების წარმოდგენისა და განხორციელების ჩათვლით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან; აშშ-ის შესახებ უარყოფითი დეზინფორმაციის გაზრდას, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩვენი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ იმ ქმედებებს მოჰყვებოდა შედეგები და მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. სწორედ იმ ქმედებების გამო ჩვენ უკვე განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედება იმ იმედით, რომ მთავრობა შეიცვლიდა კურსს და დაუბრუნდებოდა გზას, რომელიც საქართველოს ხალხს აძლევს იმას, რაზეც ასე მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ. ეს არის დასავლეთთან ინტეგრირებული მომავალი: ახლო ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრობა. უნდა გავიმეორო, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ხაზგასმა: აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან. ჩვენ ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - არის უცვლელი. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს.

რადიო თავისუფლება: პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ (ისევე როგორც მთავრობის არაერთ წარმომადგენელსა და თავად ივანიშვილს თავის წერილებში აღუნიშნავთ) არაერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას სურს ურთიერთობების გაუმჯობესება და კარგი ურთიერთობის ქონა აშშ-სთან და პარტნიორებთან, ზოგადად, მაგრამ არსებობენ ძალები, რომელსაც ისინი უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ და რომელიც ზეგავლენას ახდენს ამ ურთიერთობებზე, პარტნიორების გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკაზე, ინსტიტუტებზე და ა.შ. - იცით ამ ყველაფერზე. როგორ უმკლავდებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეთქმულების ამ იდეას? განიხილავთ ხოლმე ამ საკითხს, თემას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე?

რობინ დანიგანი: ალბათ, დავიწყებ შეკითხვის ამ ნაწილით - განვიხილავ თუ არა, ვინაიდან ვრცელდება აგრეთვე დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს. მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს - მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. სიმართლეა ისიც, რომ მთავრობისთვის გაცხადებული მაქვს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ მოხმობა არის დეზინფორმაცია. ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი, უცნაური შეთქმულების თეორია. ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული, ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელიც დამტკიცებულია ორპარტიული სენატის მიერ, მე - ელჩი, რომელიც ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი, აგრეთვე ვარ დამტკიცებული ორპარტიული სენატის მიერ, ვახორციელებთ პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ, როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა. ასე ვაწარმოებთ პოლიტიკას აშშ-ში და არა რომელიღაც უცნობი ძალის გავლით, რომლის შესახებაც სინამდვილეში არავის სმენია.

რადიო თავისუფლება: სექტემბრის შუა რიცხვებში, მორიგი სანქციების გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ბოლო იყო?

რობინ დანიგანი: როგორც მახსოვს, ბოლოს პრემიერმინისტრს შევხვდი 16 სექტემბერს.

რადიო თავისუფლება: ჩვენ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა რა ხდებოდა იქ, შეგიძლიათ რამე დეტალები გაგვიზიაროთ?

რობინ დანიგანი: ჩვეულებრივ არ განვიხილავდი იმას, თუ რაზე ვიმსჯელეთ კერძო შეხვედრაზე, მაგრამ პრემიერმინისტრმა გააკეთა კომენტარი ამ შეხვედრის შემდეგ. ასე რომ, გამართლებული იქნება, თუკი მე გავაკეთებ კომენტარს მის ნათქვამზე, რომლის მიხედვითაც მან მითხრა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით რაღაც სახის წითელ ხაზს და რომ იქნებოდა რაღაც შედეგები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. იცით, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება საქართველოს ხალხის ინტერესებში იყოს ასეთი კომენტარი ან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართული ქმედება. საქართველოს ხალხის 80-დან 90 პროცენტამდე აცხადებს, რომ სურთ დაახლოება დასავლეთსა და ევროკავშირთან. საქართველოს ამ მთავრობამ 2022 წელს პროაქტიულად გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ეს არ არის საქართველოს მთავრობაზე ან საქართველოს ხალხზე რაღაც თავსმოხვეული დასავლეთისგან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ხალხის ინტერესებში იყოს განცხადებები აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტაზე ან შეცვლაზე. შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ეს არის ერთი ან ორი ადამიანის ინტერესებში, ვისაც არ სურს ამ ქვეყანამ ვერ მიაღწიოს იმ შედეგს [ევროკავშირში ინტეგრაციას]. შემიძლია წარმოვიდგინო, თუმცა სხვა მხრივ ამას ახსნა არ გააჩნია.

რადიო თავისუფლება: ბიძინა ივანიშვილი შეეცადა აეხსნა ეს თქვენთვის, ერთგვარად შეეხსენებინა, რომ „არაფორმალური მმართველობა“ და „ოლიგარქიული გავლენები“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც უმნიშვნელოვანეს საკითხთა შორისაა და რომ ზოგიერთი კანდიდატიც ლაპარაკობს ამაზე, რომ მას [ივანიშვილს] და მის გუნდს არასდროს დაუდანაშაულებიათ აშშ ან ევროკავშირი ურთიერთობების განადგურებაში და რაღაც ასეთი. ის ძალიან სწრაფად გამოეხმაურა თქვენი საელჩოს ერთ-ერთ ფეისბუკის „ქარდს“, რომელიც შეეხებოდა მის საქმეს „კრედიტ სუისთან“, რაც ძალიან უჩვეულოა - ის პირადად ძალიან იშვიათად რეაგირებს ასე სწრაფად ვინმეს განცხადებაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ის ასეთი სწრაფი თავის პასუხში? რა ადარდებს მას? შეხვედრიხართ ოდესმე? ბოდიშს გიხდით, ამდენი შეკითხვის ერთდროულად დასმისთვის.

რობინ დანიგანი: არა, არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე. ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. და მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის. ვიცი, იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ეს გავაკეთეთ, თავად მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ მის მიმართ არის დე ფაქტო სანქციები, რაც არ არის სიმართლე. მას აქვს საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები „კრედიტ სუისთან“ და როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ის საქმეები განიხილება სასამართლოებში, ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ის მთავრობასთან. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმის თაობაზე არ დავობენ, რომ ჩვენ მას [ივანიშვილს] დე ფაქტო სანქციები დავუწესეთ. ასე რომ, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. არ ვიცი რატომ შეიძლება საკუთარ ფულზე რაღაც აღქმის გამო, ჩვენთან გულწრფელ, პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებდეს პარტიის საპატიო ლიდერი და თავმჯდომარე თუ, მრავალი თვალსაზრისით, ამ მთავრობის ლიდერი - საქართველოს პარტნიორებთან, რომლებსაც 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გარდა არაფერი უკეთებიათ.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ - დაადასტუროთ ან უარყოთ „ამერიკის ხმის“ ინფორმაცია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პროექტი უკვე მომზადებულია?

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, იცით, რომ ჩვენ არასდროს ვაანონსებთ სანქციებს. ასე რომ, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. თუმცა, გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც.

რადიო თავისუფლება: მაპატიეთ, რომ ასე ვეძიები ამ თემას, მაგრამ არის შეკითხვები, რომლებიც, როგორ ვთქვა, ძალიან პოპულარულია საზოგადოების სხვადასხვა წრეში: რისი თქმა შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობასთან ივანიშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ კომუნიკაციაზე ან კომუნიკაციის მცდელობაზე მის პირად უსაფრთხოებაზე, მომავალზე ან რაიმე სხვა საკითხზე სავაჭროდ? ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაცია და განცხადებებიც.

რობინ დანიგანი: ვერ დავიჩემებ, რომ მესმის ბატონი ივანიშვილის რომელიმე კომუნიკაციის უკან რა მოტივია. ჩვეულებრივ, ძალიან არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოსწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში და მართალია - მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის ჩვენ არ გვხვდება, არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული.

რადიო თავისუფლება: „ჩვენ“-ში საელჩოს გულისხმობთ? იმიტომ გეკითხებით, რომ იყო ცნობები და ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ მან თავისი ერთ-ერთი მინისტრი - უშიშროების სამსახურის უფროსი გაგზავნა აშშ-ში გარკვეული გზავნილების გადასაცემად.

რობინ დანიგანი: ეს თქვენს წინა კითხვას უბრუნდება, გვაქვს თუ არა ღია კომუნიკაცია მთავრობასთან. და კი, ჩვენ გვაქვს, სხვადასხვა სამინისტროს მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრთან. არ მინდა, რომ ეს შეწყდეს. მინდა, გვქონდეს ღია კომუნიკაცია ამ მთავრობასთან. ამიტომაც მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, ამიტომაც იყო იქ არაერთი მინისტრი. საქართველო ვაშინგტონის ნატოს სამიტზეც მივიწვიეთ მივიწვიეთ ივლისში. ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით, რომ ჩვენ...

რადიო თავისუფლება: ...რომ თქვენ თითქოს ოპოზიციას დაეხმარეთ ამ სანქციებით - ეს იყო ერთ-ერთი განცხადება.

რობინ დანიგანი: ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.

რადიო თავისუფლება: ასე რომ, შეიძლება, შემდგომი სანქციები დაწესდეს არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. ამას ამბობთ.

რობინ დანიგანი: დიახ, ამას ვამბობ.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული შანსები, რომ არჩევნებამდე აშშ-სთან ურთიერთობა გააუმჯობესოს?

რობინ დანიგანი: აბსოლუტურად! მთავრობა კი კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?! ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა.

რადიო თავისუფლება: რას გეუბნებათ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მთელი ამბავი, გადაწყვეტილების გაწვევა, პრემიერმინისტრის ჩართულობა - რა დაგანახათ ამ ამბავმა?

რობინ დანიგანი: რეალურად მაძლევთ კარგ შანსს ვისაუბრო არჩევნებზე თქვენს ქვეყანაში და არჩევნებზე ჩემს ქვეყანაში, რადგან ორივე შესაბამისობაშია თქვენს შეკითხვასთან.

რადიო თავისუფლება: დიახ, ასეა.

რობინ დანიგანი: აქაურ არჩევნებს რაც შეეხება, უნდა ვთქვა, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან და, ჩემი აზრით, მზად არიან ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველჰყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს. ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას. მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ისა და NDI-ს გრძელვადიანი მისიები - ორი ორგანიზაციისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს როგორც ამ ორი ორგანიზაციის, ისე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულა. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას დააკვირდეს არჩევნებს.

ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამაში დასარწმუნებლად გვეყოლება დამკვირვებლები. მაგრამ, ხალხმა ასევე უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება ფარული. და, ჩვენი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. სწორედ ასე შეიძლება იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი არჩევნებიც არის. ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების - ანუ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ, დემოკრატი სენატორის - [ჯინ] შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის - ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ რეალურად, მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

რადიო თავისუფლება: ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ხომ არ აპირებს აშშ, თქვენ შეაფასოთ საქართველოს საარჩევნო პროცესისა და შედეგების ლეგიტიმურობა? ამასთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული სპეკულაციები.

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც სხვა საერთაშორისო მისიები, ორგანიზაციები და საელჩოები გააკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღებთ პროფესიონალების, OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი დამკვირვებლებისა და ადგილობრივი პროფესიონალი დამკვირვებლების შეფასებებს და ყველა ამ შეფასებას გავეცნობით, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს არ დავეყრდნოთ. და კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, ჩვენი ერთგულება მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის მიმართ და ყველა იმ შედეგის მიუხედავად, რომლებზეც ვმსჯელობთ, არ შეჩერებულა ჩვენი დახმარება მასწავლებლებისთვის, ფერმერებისთვის, სტუდენტებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის და საქართველოს სანაპირო დაცვისთვის, ასევე დახმარება იმ ინსტიტუციებისთვის, რომლებიც საქართველოს ეხმარებიან იმ რეფორმების გატარებაში, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. არაფერი გამახარებდა ისე, როგორც იმის ცოდნა, რომ ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საქართველო გაცილებით ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცედ ვითარდება. ამიტომ, სწორედ ამაზე ვიმუშავებ და იმედი მაქვს, რომ ეს მთავრობა ახლა, თუ სხვა მთავრობა, რომელიც თქვენი არჩევნებიდან გამოვლინდება, გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ისევ სწორ გზაზე დააყენებს.

რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვა იზოლაციის საკითხთან დაკავშირებით. ბოლო პოსტი საელჩოს გვერდზე ეხებოდა იზოლაციის საფრთხეს... და ასევე მინდა შევეხო კობახიძის ბოლო ვიზიტს ნიუ იორკში, როდესაც გაუქმდა მისი მოწვევა პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე და მან განაცხადა, რომ იმ მიღებაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ავტორიტარული ქვეყანა. „სად არის ლოგიკა?“ - ეს იყო მისი კითხვა. ჩემი კითხვა იქნება, რა არის ამ მიდგომის საფუძველი საქართველოს მიმართ და რა პოლიტიკურ შედეგს ისახავთ მიზნად?

რობინ დანიგანი: აი, ნახეთ: პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა და ახსენა, რომ ვუახლოვდებით წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე. კიდევ ერთხელ: არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრიანების პროცესზე - ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა.

რობინ დანიგანი: მადლობა.

წყარო: რადიო თავისუფლება