მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ (ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და რეჟისორი ზაზა სვანაძე) უფლებადამცველებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლადო სადღობელაშვილმა და ზაზა სვანაძემ მედიაკავშირ „ობიექტივში“ ისაუბრეს.
რეჟისორ ზაზა სვანაძის განცხადებით, უფლებადამცველები პოლიტპატიმრებს პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ პატიმრებად ყოფენ.
სვანაძემ ოპოზიციური მოძრაობის წევრ აკაკი დარასელიას და გამოცემა „აი იას“ რედაქტორ ზურაბ ხუციშვილის დაკავების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.„აკაკი დარასელიას და ზურაბ ხუციშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვები, რომ მათი პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა სვანაძემ.
სვანაძე დაჩი ცაგურიას ფსევდოუფლებადამცველს უწოდებს.
„ის ფაქტი, რომ დაჩი ცაგურიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ორი საათის განმავლობაში მხოლოდ 30 თეთრით სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებაზე ისაუბრა და კომენტარი არ გააკეთა ჩვენი ორი თანატოლის დაკავებაზე, იმაზე, რომ მათ ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდეს, მის ფსევდოუფლებადამცველობაზე მეტყველებს“, – აღნიშნა სვანაძემ.
ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, გამოცემა „აი იას“ რედაქტორი ზურაბ ხუციშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის პოლიტიკურად აქტიურია. მისი დაკავება სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო მოხდა და არა ნარკოტიკების მოხმარების გამო.
სადღობელაშვილი მოუწოდებს უფლებადამცველებს, ყურადღება გაამახვილონ ყველა იმ დაკავებულზე, რომლებიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ ერთი და იგივე ბრალდებებით, პოლიტიკური მოტივით, დააკავეს.
„მოვუწოდებ ყველა უფლებადამცველს, გამოიჩინონ ნება და ამ ხალხის მიმართ ყურადღება გაამახვილონ. საცოდაობაა, როდესაც ეს ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ იხდიან სასჯელს, რომ მათ ხელისუფლებისგან განსხვავებული, საწინააღმდეგო აზრი აქვთ“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.
საქინფორმი