აქტუალური
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას

qartia4საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი. დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ დევნის მუქარით ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო ადგილი;

ამავე ცენტრის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში 20-ჯერ მიმართეს ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. დღემდე არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ, ხოლო გამგეობისა და საკრებულოს შენობის დაცვის უფროსმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;

გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს – შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძეს – პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. მათ ჟურნალისტებს ფოტოაპარატიდან წაუშალეს ფოტოები, რომლებიც სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გადაიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად აფასებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე.

 

საქინფორმი