პუბლიკაციები
მონოპოლია - კორუფციის ცინიკური, თავხედური, ბოროტი და მზაკვრული სქემა!

Jalayania2მონოპოლია (ბერძნულად monopolia): რისამე წარმოების ან გაყიდვის განსაკუთრებული უფლება, რაც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა ჯგუფს, ან სახელმწიფოს. 2. (გადატანითი მნიშვნელობით) უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში. 3. მსხვილი კაპიტალისტური გაერთიანება, რომელიც წარმოიშვება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციის საფუძველზე მეურნეობის რომელიმე დარგში გაბატონებისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით (უცხო ენათა ლექსიკონი). 

მკითხველი უკვე მიხვდება, ჯერ მოქალაქეთა კავშირის, შემდეგ კი ნაციონალების მიერ უცხოეთიდან საქართველოში იმპორტირებულ რომელ უბედურებაზეა საუბარი.

მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოება ხშირად ერთობოდა თამაშით, რომელსაც ერქვა მონოპოლია. სპეციალურ საბარათე სქემებზე სახსრებად მინიშნებული ფირფიტების ოპტიმალური განლაგებით უნდა მიგეღწია წარმატებისათვის _ მინიმალური დანახარჯით უნდა აგეშენებინა მთელი ქალაქი თავისი სამრეწველო, საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვის, საფინანსო, სამხედრო, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საყოფაცხოვრებო სტრუქტურებით.

 ამდენად, ამ თამაშმა და სოციალისტური პოლიტეკონომიის ლექციებიდან მოსმენილი სიტყვა მონოპოლია სოციალიზმიდან კაპიტალიზმში მოულოდნელად აღმოჩენილი პოსტსაბჭოთა საზოგადოებისათვის არც თუ ავი ჟღერადობის მქონე სიტყვა გახლდათ.

მაგრამ, თურმე, ეს მთლად ასე რომ არ ყოფილა, რაც მალე საკუთარ თავზე დატეხილი უბედურებით იწვნია მთელმა ქართველმა ერმა...

ყველაფერი წინ იყო!

ავადსახსენებელი შევარდნაძის ეპოქაში არნახულ სიმაღლეზე ავიდა კორუფციის მაჩვენებელი, რომლის უვერტიურა გახლდათ თეთრი მელას მიერ სპეციალურად აღორძინებული პოსტკომუნისტური კრიმინოკრატიისათვის მეურნეობრიობის სადავეების გადაცემა, ნომენკლატურისათვის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, საერთო უკონტროლობა და ბიზნესში დასაქმებული ნომენკლატუროსანთა ოჯახების წევრებისათვის უსაზღვრო უფლებების მიცემა.

მაშინ საქართველოს ეკონომიკა მთლად ბოლომდე განვითარებული არ იყო (მკითხველი ისე ნუ გამიგებს, რომ თითქოს დღეს დალაგებული და სრულყოფილი ეკონომიკა გაგვაჩნია), მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მიერ ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად „მსოფლიო ბანკიდან“ და სხვა მასონური ორგანიზაციებიდან ხდებოდა უზარმაზარი სახელმწიფო სესხების აღება, რომელიც თითქმის მთლიანად მიდიოდა კრიმონოკრატიის ჯიბეში (ეს საძრახისი ტენდენცია შეიქმნა და განსაკუთრებულ სიმაღლეებზე ავიდა ნიკო ლეკიშვილის პრემიერობის დროს, რაც წარმატებით გააგრძელეს მას შემდეგ მოსულმა პრემიერებმაც) ქვეყანას კი ხანგრძლივ (თუ სამუდამო არა) კაბალას უქადდა. ქვეყნის ეკონომიკას აღორძინებისა არაფერი ეტყობოდა, ხელისუფლებისა და საეჭვო რეპუტაციის მქონე კომერციული სტრუქტურების მიერ დაგოიმებულმა ხალხმა უკანასკნელი ქონება გამოიტანა მშრალი ხიდის ბაზრობაზე გასაყიდად, რათა შიმშილით არ ამოძვრომოდა სული. შედარებით წინ კი წავიდა ნავთობკორპორაციის ბიზნესი, რომელსაც ედუარდის ძმისშვილი _ ნუგზარ შევარდნაძე ფლობდა. რატომღაც, მხოლოდ სწორედ მას აღმოაჩნდა ბიზნესის უსაზღვრო ნიჭი და მოკლე ხანშიც იშოვნა ასეულობით მილიონები, შეიძინა მრავალსართულიანი სახლი ორთაჭალაში (ახლა რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა განთავსებული, ვიდრე მასაც ქუთაისში გადაიტანენ), შემოსვა შენობას გარშემორტყმულ გალავანზე შევარდნები და მოაწყო თანამედროვე ინტერიერით დამშვენებული ოფისი. მხედველობიდან მხოლოდ ის გამორჩა, რომ მისი გვარი ულამაზეს ფრინველ შევარდენს კი არ უკავშირდებოდა (თუნდაც, როგორც შევარდენიძე), არამედ ვიღაცასთან საყაჩაღოდ და საავკაცოდ შევარდნილს ნიშნავდა, რასაც უტყუარად ადასტურებს კიდეც მისი ბიძის ედუარდის მრავალწლიანი მოღვაწეობა.

მოკლედ, შევარდნებისა და ხალხის დაყაჩაღების დიდოსტატმა ედუარდ შევარდნაძემ მრავალგზის დაადასტურა თავისი გვარის წარმომავლობა და მასობრივი კორუფციით საყაჩაღოდ შევარდა ყველა ქართულ ოჯახში და ლამის ყუაზე დაიყვანა ერთ დროს ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი საქართველო. მისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თავხედობა იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ საჯაროდ განუცხადა მთელ ქართველ ერს: საქმე არც ისე ცუდათაა, თქვენ რომ გგონიათ! კორუფციას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან სწორედ ამის წყალობით უამრავი ქართული ოჯახი ირჩენს თავსო!

თუმცა, მისი ეს განცხადება ბევრად უფრო კორექტულად და ჭეშმარიტებისმომცველად გამოიყურება, მაშინდელი კრიმინოკრატიის მოქმედების ფონზე, ვიდრე დღევანდელი ნაციონალებისა, რომლის დირექტორი სააკაშვილი მთელი რიხით აცხადებს, რომ კორუფცია, ჩვენი ძალისხმევით საქართველოში საბოლოოდ აღმოიფხვაო. და ეს მაშინ, როცა ქვეყანას მომაკვდინებელ მეტასტაზებადაა მოდებული სახელისუფლებო ბიზნესნომენკლატურა და კორუმპირებული უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ყვლეფს და აღატაკებს კორუფციის უსაზიზღრესი ფორმით _ მონოპოლიით!

დღეს უკვე ლამის ნაციონალთა ხელისუფლებაც კი აღარ უარყოფს, რომ ბენზინის ბიზნესი მთლიანად აქვს ჩაგდებული ხელში სააკაშვილის ოჯახს. სწორედ ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ვიწრო წრის ბოროტი შეთქმულების შედეგია ის, რომ საქართველოში ლამის ერთი ფასი აქვს ევროპიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავს, მაშინ, როცა აზერბაიჯანში ერთი ლიტრი პირობითი საწვავის ღირებულება მხოლოდ 0-80 თეთრს შეადგენს. ეს საკითხი ხომ დღესავით ნათელია ყველასათვის!

როცა ქართველ ხალხში პროტესტის გრძნობა ხელკეტებითა და ხელთათმანებივით მათზე მორგებული კანონების მოშველიებით ჩაკლეს, ნაციონალებმა მიაღწიეს იმას, რომ უკვე ღიად და დაუფარავად ახდენენ იმ დარგების მონოპოლიზებას, რომელიც ქართველი ხალხისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საარსებო წყყაროს წარმოადგენს. ენერგომატარებლებისა და საწვავ-საცხები მასალების გარდა, საქართველოში სრულად მონოპოლიზებულია ფარმაკოპრეპარატებით, ფქვილით, ზეთით, შაქრით, მარილით, ხორცით, ძეხვეულით, ქათმის ბარკლებით, ეგზოტიკური ხილით, თევზისა და ხორცის კონსერვებით, ბურღულეულით, ხილ-ბოსტნეულით, ტკბილეულით და სხვა პირველადი მოხმარების საგნებით ვაჭრობა!

ამას წინათ თბილისში გაძვირდა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა და ხალხის პროტესტს მერიამ მართლაც რომ თავხედური პასუხი გასცა: კერძო სტრუქტურებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ფასებსაც ისინი თავისი შეხედულებით განსაზღვრავენო. საინტერესო კი ის არის, რომ ყველა სამარშრუტო ტაქსზე გაჩნდა მგზავრობის ღირებულების აბსოლუტურად ერთნაირი აბრა 0-80 თეთრი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ღირებულება ერთმა სტრუქტურამ დაადგინა და ეს სტრუქტურა ქალაქის მერიაა.

სწორედ ეს გახლავთ მონოპოლიის ცინიკური ფორმა!

თავისუფალი კონკურენციისადმი მონოპოლისტური სახელისუფლებო მაფიის იდიასინკრაზია იმითაც გამოიხატება, რომ დაუნდობლად სდევნიან თელაველ სახალხო მკურნალ ბიჭიკო (დომენტი) გაგნიძეს, რომელმაც კიბოსა და სხვა მოურჩენელ დაავადებათა წამალი გამოიგონა და ნობელის პრემიაზე წარდგენის ნაცვლად დაპატიმრებას უპირებენ მას!

ასევე მკაცრად მონოპოლიზებულია ქვეყანაში ბიტუმის, პარფიუმერიის, საამშენებლო და სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შემოტანა, ტუალეტის ქაღალდითა და ქაღალდის ხელსახოცებით მოსახლეობის მომარაგება!

მონოპოლიზირებულია დედაქალაქში ავტომანქანების დაყენებაზე კონტროლი და ავტომანქანებისაგან ხელისუფლება იმდენ თანხას იღებს, რამდენიც მოეპრიანება!

ხელისუფლების მიერ, არამც თუ მონოპოლიზირებული, არამედ დაურიდებლად ოკუპირებულია ქართული ტელესივრცე, რეკლამებითა თუ პოლიტიკურ-აპოლიტიკური სექტორებით!

კიდევ დარჩა რამე?

როგორ არა, კიდევ დარჩა, თუ დარჩა _ წყალი, შუქი, ბუნებრივი აირი და გაღატაკებულ მოსახლეობაზე ნაგვის გატანის უსაშველოდ გაბერილი ხარჯის დაკისრება. არა და, არც მთლად ხუმრობით ვიტყვით, რომ დამშეულ ხალხს ნაგავში გადასაყრელად უკვე აღარაფერი რჩება, რადგან დანაკარგის გარეშე ითვისებს დანასისხლად ნაყიდ ბოსტნეულსა თუ ხილს...

მონოპოლიზებულ სექტორებში დომინირებულ საქონელზე ფასები კი რეგულირდება არა საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ ისინი იგეგმება მაღალ სახელისუფლებო კაბინეტებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ მონოპოლისტების სასარგებლოდ და ხალხის საზიანოდ!

ასე მოხდა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როცა ხელისუფლებამ საქონლის დაკვლისა და მისი სარეალიზაციოდ გატანის უფლება მხოლოდ ნატახტრისა და თელეთის სასაკლაოებს მიანიჭა, რამაც მყისიერად გამოიწვია საქონლის ხორცის გაძვირება 50-70 პროცენტით...

მოკლედ, საქართველოს არაქართულ ხელისუფლებას ყველა ქართველის ჯიბეში აქვს ხელი ჩაყოფილი და როგორც სურს, ისე აფათურებს. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ხელისუფლება ამ ჯიბეში იმაზე ბევრად ნაკლებ თანხას დებს, ვიდრე მიაქვს!

სექტემბერში პენსიებს 20 ლარით ვზრდითო! _ ლამის გამოაყრუეს ყიჟინით მთელი სამყარო, მაგრამ, ამასობაში სამომხმარებლო კალათა რომ 50 ლარზე მეტით გაზარდეს, ამაზე კრინტს არ ძრავენ.

და ხალხის ზომბირებული მასა ამას უდრტვინველად იტანს!

სწორედ ამით გათამამებული მიხეილ სააკაშვილი იძახის _ საქართველოში კორუფცია საბოლოოდ აღმოიფხვრაო, რასაც ბრმად უკრავენ კვერს და ტაშსაც ანგაჟირებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქრთამზე სულგაყიდული უცხოელი ექსპერტები!

განუკითხაობა ბადებს მონოპოლიას, სახელისუფლებო ძალადობას, საბიუჯეტო ხარჯების გაუმჭვირვალედ ხარჯვას და სხვა მრავალ უბედურებას. ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება ბოგინობს, ვერასოდეს შევიტყობთ თუ გადამხდელის ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა სტინგებისა და სხვა ავტორიტეტული შემსრულებლების ჩამოყვანაზე შიმშილისაგან დაოსებულ ქვეყანაში!

ახლა, ისღა დარჩა, რომ ხელისუფლებამ ჟანგბადზე აიღოს მონოპოლია და სუნთქვის რეჟიმი დაგვიწესოს!

თუ დროზე არ მოვალთ გონზე და შესაბამის დასკვნებს არ გავაკეთებთ, მალე ალბათ ეგ შავი დღეც გაგვითენდება!

 

როლანდ ჯალაღანია,

გაზეთ ილორის მთავარი რედაქტორი