კახეთში ავარიის შედეგად უცხოელი ტურისტები დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მოხდა. სიღნაღიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 8 მგზავრიდან 7 დაშავდა. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, დაშავებულები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფები კი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო აწარმოებს.
საქინფორმი