2010-2011 სასწავლო წელს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები უკლებლივ ყველა მოსწავლემ უსასყიდლოდ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2010-2011 სასწავლო წელს სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველ იმ მოსწავლეებს გადაეცათ, ვისი სარეიტინგო ქულა 57 000 იყო, ახალ 2011-2012 სასწავლო წელს, სახელმძღვანელოები საჩუქრად I-VI კლასის იმ მოსწავლეებსაც გადაეცემათ, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს შეადგენს; ხოლო VII-XII კლასის მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები 57 000 სარეიტინგო ქულის შემთხვევაში გადაეცემათ.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას საქართველოს ფოსტა 1 სექტემბრიდან დაიწყებს და 14 სექტემბრამდე დაასრულებს. წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყველა მოსწავლე მიიღებს. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სოციალურად დაუცველი სხვა ბავშვები შეძლებენ.
გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ფოსტა კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს ყველა მშობელს: სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის მეშვეობით, გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები. ფოსტა წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ზემოაღნიშნული სარეიტინგო ქულების საფუძველზე საჯარო სკოლებში არიან აღრიცხულნი (აღრიცხვა დასრულდა 2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს).
ცხადია, ვისაც ზემოაღნიშნულ სარეიტინგო მაჩვენებლებზე ოდნავ მაღალი ქულები აქვს ან ეთაკილება, გაამხილოს საკუთარი გაჭირვება თანაკლასელებთან ან კლასის დამრიგებელთან, უფასო სახელმძღვანელოების გარეშე დარჩება და მოუწევს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა წიგნების შესაძენად.
საქინფორმი