საზოგადოება
მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი გაერო-ს შტაბბინაში იმყოფება

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე საქმეზე ბრალდებული, რამდენიმეზე კი მსჯავრდებული და ძებნილია, გაერო-ს შტაბბინაში იმყოფება.

შესაბამისი ფოტო უკრაინის საგარეო უწყების გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტომასალა გაერო-ს შტაბბინაში უკრაინის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მინისტრ ანდრეი სიბიგას მონაწილეობასთან დაკავშირებით, სადაც ასევე ჩანს ზურაბ ადეიშვილი. შეხვედრა რუსეთისთვის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხებოდა.

ზურაბ ადეიშვილი მიმდინარე წელს არაერთხელ გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ევროკავშირში. უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ასევე იმყოფებოდა ჰააგაში, სადაც შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ზურაბ ადეიშვილი ჩამოაჭრა.