პოლიტიკა
არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, ევროპარლამენტარები ევროკომისარ ვარჰეის ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობენ

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის წევრებმა 20 სექტემბერს წერილით მიმართეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის, და მას ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად არ ჩატარდება. ქმედებები მოიცავს ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადახედვას, ასევე სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის შესაბამისი ზომების განხორციელებას. წერილი ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

წერილში, რომელსაც 30 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ავტორიტარული ქმედებები, რომელთა შორის ევროპარლამენტარები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან უცხოელი აგენტების კანონის მიღებით. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ კანონმდებლობის მიღება ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა და აცხადებენ, რომ ეს იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ის მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და მათი როლის შემცირებას, რომელთა დიდი ნაწილიც „გადამწყვეტ როლს ასრულებს დემოკრატიული ღირებულებებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის საქმეში“.

ეს კანონი, რომლის სამიზნეც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები არიან, მათ „ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომუშავე“ ორგანიზაციებად მოიხსენიებს, რაც იმ ტაქტიკას გავს, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის რუსეთი, იყენებენ. და „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს“, კერძოდ კი არჩევნებს.

ამ „საგანგაშო სიტუაციის“ საპასუხოდ, ევროპარლამენტარები ფართო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით გამოდიან, რომელიც მონიტორინგს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც განახორციელებს, სადაც უფრო მეტადაა მოსალოდნელი საარჩევნო დარღვევები. ევროპარლამენტარების თქმით, დამკვირვებლები არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდსაც უნდა დააკვირდნენ.

ავტორები ევროკავშირს ოთხი ქმედების განხორციელებას სთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს საქართველოს დემოკრატიას საფრთხე შეექმნება:

1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: თუ იარსებებს არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის ჩახშობის ან საარჩევნო პროცესში ჩარევის სარწმუნო მტკიცებულება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შეუჩეროს. ეს მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში გრანტებისა და სესხების შეჩერებას და სავაჭრო შეთანხმებების, მათ შორის როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი (DCFTA), გადახედვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება უცვლელი უნდა დარჩეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

2. სანქციები საკვანძო პირების მიმართ: ევროკავშირმა მიზნობრივი სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესის შელახვაზე. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ შეეგუება ისეთ ქმედებებს, რომლებიც ანადგურებს დემოკრატიას. სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვას და მოგზაურობის შეზღუდვას.

3. ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის ოფიციალური გადახედვა: თუ არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ოფიციალური გადახედვა. ამ გადახედვის დროს უნდა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატი ქვეყნებისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს იქნება სიგნალი, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

4. სახალხო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა თავისი შეშფოთება აქტიურად უნდა მიაწოდოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხსაც. საჯარო განცხადებებმა და მაღალი დონის დიპლომატიურმა ვიზიტებმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვაში ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას. ეს დაუპირისპირდება ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას, რომ კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან ქართულ სუვერენიტეტზე თავდასხმად წარმოაჩინოს.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიანე (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩიუსი (ლიეტუვა).