აქტუალური
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადება

kalazeსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, პარტია დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – ამ დღეებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულ კიდევ ერთ სკანდალურ საკითხთან – ცნობილი ფეხბურთელის, კახი კალაძისათვის, მისი პირადი ქონების – „არსენალ სითის“ – ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„ეს არის პირდაპირი, მორიგი დასჯა ამჯერად კახი კალაძისა და მისთვის 18 მილიონის წართმევის საბაბი.

და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ფეხბურთელის პოლიტიკური შეხედულებები ამ ხელისუფლებისათვის მისაღები არ არის.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ ხელისუფლების ექსპროპრიაციების ცნობილ პოლიტიკას და მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს ბოლშევიკური პრაქტიკა და ამ ქვეყანაში მოქმედება შერჩევითი სამართლის მიხედვით და ქართველების დაყოფა მომხრეებად და მტრებად.

მივმართავთ ხელისუფლებას, რათა განაახლოს ხელოვნურად შეწყვეტილი მოლაპარაკებები კალაძესთან და, შესაბამისად, განაახლოს ცნობილი ფეხბურთელის მიერ საქართველოში 700-მილიონიანი ინვესტიციის შესაძლებლობის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 25 ათასი კაცის დასაქმებას და რომლის სრულად განხორციელებას თავის დროზე აგვისტოს ომმა და შექმნილმა ფორსმაჟორმა შეუშალა ხელი.

სავარაუდოდ, ფეხბურთელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებასთან ხელოვნურად შექმნილი ეს დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლებს, რაც, რასაკვირველია, მორიგი მძიმე მაგალითი აღმოჩნდება ყველა იმ ინვესტორისთვის, ვინც საქართველში ინვესტირებას დაგეგმავს. ლეიბორისტული პარტია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ფეხბურთელის, კახი კალაძის, ბიზნესინიციატივების განხორციელებას საქართელოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საქინფორმი