საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენს ქვეყანასაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ისთვის თუ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ამერიკას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს და ის არის უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მიღებაზე, საქართველოსაც მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც უკან ქართველი ხალხი უდგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომ „მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ნებას საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები და ურთიერთობების დინამიკა.

ჩვენ როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საუბარია ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, თუ ვინ წარმოადგენს ქვეყანას. ჩვენ რასაც ვხედავთ, მაშინ, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ამერიკას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს და ის არის უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მიღებაზე, საქართველოსაც მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც უკან ქართველი ხალხი უდგას. ქართველი ხალხის ნებას საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს და, აქედან გამომდინარე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები და ურთიერთობების დინამიკა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.