სამართალი
ირაკლი კობახიძე: როცა ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები, პირადად ჩემი არაერთი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მზად ვიყავით და ვართ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში და რა ხდება დღეს.

მნიშვნელოვანია, სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში და რა ხდება დღეს, 12 წლის თავზე, როდესაც სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმი ჩაანაცვლა „ქართული ოცნების“ დემოკრატიულმა მმართველობამ. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული ქვეყანა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, იქნება ეს პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი, ადამიანის უფლებების დაცვა, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური პროგრესი თუ ა.შ ყველა მიმართულებით გვაქვს დრამატული, ფუნდამენტური პროგრესი. მანამდე იყო ხელისუფლება, რომელიც გარედან იყო დასმული, მათ პირობებში იყო სისხლიანი რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ქუჩაში კლავდა ადამიანებს. 150 კაცი მოკლეს მარტო ქუჩაში, 150 ახალგაზრდა. ციხეებში კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, აუპატიურებდნენ მამაკაცებს პირდაპირ, მარტო ციხეებში კი არა, ციხეებს გარეთაც. ათასობით მარტო კომპაქტ-დისკი იპოვეს დამარხული კასრებში სამეგრელოში, სადაც ასახული იყო მამაკაცების გაუპატიურება, ადამიანების წამება, პირადი ცხოვრების ჩანაწერები და ა.შ. როცა ასეთ პირობებში ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მკაფიო პასუხების გაცემა და ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა“, - განაცხადა პრემიერმა.