სამართალი
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - „ვივამედის" დირექტორის განმარტება

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. მსჯავრდებული ექსპ-რეზიდენტ მხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეში რამდენჯერმე კონტროლდება, არსებობს ექიმების საბჭო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს და იქ საგანგაშო არაფერი არ არის, განაცხადა კლინიკა „ვივამედის” დირექტორმა ზურა ჩხაიძემ სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტ მანანა ჯებაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

2021 წლის 1-ელი ოქტომბერს დაკავების შემდეგ სააკაშვილმა ციხის საკანში ჯამში ექვს თვეზე ნაკლები გაატარა, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული - ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში და 2022 წლის მაისიდან - კლინიკა „ვივამედში“.

დღეს, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მანანა ჯებაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა. მედიკოსის თქმით, მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

როგორც ჩხაიძემ განაცხადა, სატურაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მსჯავრდებულის ვარჯიშთანაა დაკავშირებული, რომელიც ახლა დაბალანსებულია.

„ასე ნამდვილად არ არის. შეიძლება იყო 1-2-ჯერ სატურაციის მაჩვენებელი 91-92-ის ფარგლებში, მაგრამ ეს იყო ვარჯიშთან დაკავშირებული, რადგან მას აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება. პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება და რაიმე რომ ყოფილიყო ამაზე, პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით და არა ვიღაც ქუჩაში დამდგარი ე.წ ექიმი”, - განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“ უფრო დიდ, სამოთახიან პალატაშია მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გადაიყვანეს.

ივლისის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც კი ექიმების მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან მსჯავრდებულმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს.