საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები ამ მოღალატეების სიაში არიან, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტს.
ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელები და გვარები არაა მნიშვნელოვანი“.
„ოცნების“ სიასთან დაკავშირებით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ - ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი ახალ კოალიციას შეუერთდება, რომელსაც ძირითადად, დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ, სახელები და გვარები. დანარჩენი, ჩვენ, ყველამ ვიცით, ესენი არიან „ოცნების“ სახეები, ამ სიის და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვაა იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ, თუ რამდენიმე - ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება უმრავლესობას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა იმ ბულინგს, რომელიც სპორტსმენების საარჩევნო სიაში ყოფნას ინტერნეტსივრცეში მოჰყვა, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ეს ბულინგი არ არის“.
„ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? ჩემი განმარტებით ეს არ არის ბულინგი, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა ჯერ აქ არ მომხდარა, მათ შორის, არც სოციალურ ქსელში ადამიანებმა გამოხატეს, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.