საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე 180 ათასი ლარის მითვისებაში თანამონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყების განმარტებით, ტაკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროს მერაბ კურდღელაშვილისგან დამატებით დიდი ოდენობით ქრთამის – 20 ათასი ლარის, აღებაშია ბრალდებული.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო დაკავებულია დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი. ის ბრალდებულია 2010-2011 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 10 ათასი ლარიდან 180 ათასი ლარის მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, კურდღელაშვილს სამსახურებრივ მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.
გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ტაკიძეს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი სახელმწიფო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლას განაგრძობს.
საქინფორმი