საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ინიციატივა დააანონსა, რომელიც „უცხოელი აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირებული სსო-ებისთვის საგრანტო ფონდის გახსნას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 450-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელმაც დარეგისტრირებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, „სამოქალაქო პასუხისმგებლობის“ მაგალითია და ადასტურებს, რომ „უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას“. მან ხაზი გაუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი „აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე“ წარიმართა როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც „დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ“.
„ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება“.
მისი თქმით, საგრანტო პროექტები დაფინანსდება „ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“ განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „კეთილ საქმეს“ აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“. კობახიძის თქმით, საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ „რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
„წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიფინგის კითხვა-პასუხის ნაწილის დროს, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, როგორ წარმოუდგენია მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთავრობის მეთვალყურის ფუნქციის შესრულება. კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ არსებობდნენ სსო-ები, რომლებიც, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში „დაეხმარებიან“. „ეს არის ჩემი ინტერესი, მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმარონ სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში“, – განაცხადა მან.
კითხვაზე თუ როგორ იქნება ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პრემიერ-მიისტრმა განაცხადა: „თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია?“ მან ასეთი ორგანიზაციის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც „კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს, ეს არის ნორმალური პრაქტიკა“.
„როცა დასამალი არაფერი არა გაქვს და როცა თვითონ არ ხარ ჩართული კორუფციაში, შენს ინტერესებშია, რომ ჩართო მაქსიმალურად ბევრი სუბიექტი კორუფციის აღმოფხვრის პროცესში. იგივე ეხება ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება ინიციატივის ბიუჯეტს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა ცალკეულ სამინისტროებთან კონსულტაციები, მაგრამ საუბარია, რეალურად, „მრავალმილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის… 10 მილიარდით გაგვეზარდა ბიუჯეტი მარტო ამ 4 წელიწადში, რესურსი არის საკმარისზე მეტი“.
„რაც შეეხება თავისუფლებას, თავისუფლება იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი წერტილი. ამის გარეშე, იგივე რომ ავიღოთ კორუფციასთან ბრძოლა ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუტების გაძლიერებისასთან დაკავშირებული ამოცანები და ა.შ. თავისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ერთი ეს ამოცანა ეფექტიანად ვერ შესრულდება“, – დასძინა მან.