საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, არქივის ფოტოსაძიებო ელექტრონულ პროგრამაში უკვე 100-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთა უმეტესობამ სისტემაში შექმნა პირადი ალბომი. მომხმარებლები აქტიურად ჩაერთნენ ფოტოების ანოტაციების რედაქტირების პროცესში, ასევე, საიტის ადმინისტრაციას აწვდიან მათ ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას ამა თუ იმ ფოტოს შინაარსისა და ისტორიის შესახებ.
ეროვნული არქივის ფოტოსაძიებო პროგრამის პრეზენტაცია ამასწინათ შედგა. ყველა დაინტერესებულ პირს სასურველი ფოტოს მოძიება ონლაინრეჟიმში ეროვნული არქივის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.
ელექტრონული კატალოგი შეიქმნა ეროვნული არქივის პროექტის – „საქართველოს ფოტომემკვიდრეობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ – ფარგლებში, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დააფინანსა.ელექტრონულ ბაზაში ამ დროისათვის 10 000-მდე ფოტო და მისი ანოტაციაა განთავსებული. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის საცავებში თავმოყრილია 274 625 ერთეული ფოტომასალა – პოზიტივები და ნეგატივები, მათ შორის, მინაზე შესრულებული. ფოტომასალა პერიოდულად სკანერდება და ემატება ელექტრონულ ფოტოკატალოგს.
მოქნილი საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოს მოძიება სხვადასხვა პარამეტრის – ავტორის, გადაღების თარიღის, ფოტოზე ასახული პირისა თუ მოვლენის მიხედვით.
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს და პირად ალბომში გადაიტანოს მისთვის საინტერესო ფოტოები, ასევე, საიტის ადმინისტრაციას გაუგზავნოს ინფორმაცია ფოტოს შინაარსის, აღწერილობის დაზუსტებისა და რედაქტირებისათვის.
უახლოეს მომავალში კატალოგში ფოტოების არამარტო შერჩევა, არამედ შეძენაც ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი.
საქინფორმი