საზოგადოება
მეათე მოწვევის პარლამენტი ბოლო სხდომაზე 17 სექტემბერს შეიკრიბება

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები ბოლო პლენარულ სხდომაზე 17 სექტემბერს შეიკრიბებიან, რათა საბოლოო მოსმენით ორი კანონი მიიღონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საშემოდგომო სესია მეათე მოწვევის დეპუტატებისთვის ბოლო სესია იყო, 26 ოქტომბერს კი მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

პლენარულ სხდომაზე გვექნება მხოლოდ ორი კანონი განსახილველი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით. ეს ორი საკითხია ჯერჯერობით, რაც ჩანს, შესაბამისად, ჩვენ ერთი დღე დაგვჭირდება, 17 სექტემბერი, პლენარული სხდომისთვის და ამით დავასრულებთ მუშაობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბიუროს ტრადიციული სხდომა არ შედგება.

მომავალი კვირისთვის, ორშაბათს ბიურო არ გვექნება, ვინაიდან საკითხები არ არის. თუკი რაიმე საჭიროება იქნება, ბიუროს წევრებს, შესაბამისად, ვაცნობებ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ერთ კვირაში პარლამენტი შეიკრიბება ბოლო პლენარულ სხდომაზე, რათა მესამე მოსმენით დაამტკიცოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ და კანონპროექტების პაკეტი - საკონსტიტუციო კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 17 კანონში შესატანი გამომდინარე ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს.

ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.

კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.

მეორე მნიშვნელოვანი კანონი იქნება კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“.

პროექტის მიხედვით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი გათავისუფლდება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ხოლო ზოგ მსჯავრდებულსა და ბრალდებულს გათავისუფლებისთვის მათი ქმედებების შედეგად დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.

გარდა გათავისუფლებისა, ამნისტია ასევე ითვალისწინებს სასჯელის 1/2, 1/4 და 1/6-ით შემცირებას, ასევე პირობითი სასჯელის შემცირებას ერთი წლით.

ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225-ე მუხლით იგეგმება.

ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, სხეულის მძიმე დაზიანების, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ გავრცელდება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულით გათვალისწინებული მუხლებით, რომლების ასევე მოიცავს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, ასევე „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ“, თავის 11 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, რომელთა შორისაა წამება, მძევლებად ხელში ჩაგდება, ადამიანებით ვაჭრობა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა.

ამინისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებული ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევასთან დაკავშირებული ოთხი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

პროექტის მიღების შემდეგ, დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს ციხეს და ამნისტია ჯამში 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.