საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი, მარიონეტი, მეტი ფუნქცია და დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია ნულოვანია.
სავარაუდო სცენარის შესახებ კითხვაზე, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გარანტირებული სცენარია.
„სალომე ზურაბიშვილს დიდი ვადა აღარ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ერთი თვე რჩება არჩევნებიდან და ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არც ერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი. თქვენ იცით, 2018 წელს როგორ იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე - პირველ ტურში ხმების 40 პროცენტიც ვერ აიღო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საზოგადოებისთვის და მეორე ტურში ის არჩეული იქნა სწორედ „ნაცების“ არდაბრუნების ლოზუნგით. ასეთ დროს, როცა შენი ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო ხდება „ნაცები“, აქედან ჩანს, რომ ლეგიტიმაცია არის ნულოვანი, ანუ როცა სრულიად სხვა ლოზუნგით მოხვედი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს ეძებ სწორედ შესაბამის ძალაში, აქედან ჩანს, რომ მას აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. არც პიროვნული ავტორიტეტი, არც პოლიტიკური, არც საარჩევნო ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არაფერი აღარ დარჩა, მეექვსე წელი იწურება, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ფასი აღარ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.