სამართალი
როგორც საქინფორმს გურიიდან აცნობეს, დღეს დილით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე საკუთარ კაბინეტში დააკავეს. ტაკიძის დაკავებიდან რამდენიმე წუთში ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილიც აიყვანეს, რომელიც 10 დღის წინათ უკვე იყო დაკავებული, თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სულ რამდენიმე დღის წინათ გამოუშვეს.
ტაკიძისა და კურდღელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დღეს, 15:00 საათზე, სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით კი, ტაკიძე ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად გახარჯვის ბრალდებით არის დაკავებული.კერძოდ, საქინფორმის ინფორმაციით, საუბარია ოზურგეთის დასუფთავებისთვის გამოყოფილ ათასობით ლიტრ საწვავზე, რომლის უკანონოდ რეალიზებიდან მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა, დაახლოებით, 100 ათასი ლარი მიიღეს.
გიორგი ტაკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2010 წლის 17 ივნისიდან მუშაობდა.
საქინფორმი